დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Challanger 2 ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკებსა და AS90 ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს გაუგზავნის. პრემიერ მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეიარაღების გაგზავნა გაერთიანებული სამეფოს უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი ახალი ეტაპია.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში მთლიანობაში ერთი სატანკო ესკადრილია, ანუ 14 ერთეული Challanger 2-საგან შემდგარი დახმარება გაიგზავნება. მოგვიანებით კი, უკრაინა დამატებით დახმარებასაც მიიღებს.
მთავარ საბრძოლო ტანკებთან ერთად უკრაინელები დიდი ზომის, თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, 30 ერთეულ AS90-ს მიიღებენ.
პრესსპიკერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დარწმუნებულია, რომ გრძელვადიანი, სტატიკური ომი რუსეთის ინტერესებშია. შესაბამისად, ის პარტნიორებთან ერთად პუტინის რეჟიმზე ზეწოლას სწორედ მსგავსი ტიპის შეიარაღების გაგზავნით გააძლიერებს.
დამატებით დეტალებს დიდი ბრიტანეთის მომავალი სამხედრო დახმარების შესახებ თავდაცვის მდივანი გააჟღერებს. ბრიტანელი სამხედროების მიერ აღნიშნული ტანკებისა და ჰაუბიცების გამოყენებისათვის უკრაინელი სამხედროების წვრთნები მომდევნო დღეებში დაიწყება.
დატოვე კომენტარი