Praktika - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინგლისურის შემსწავლელი პლატფორმა

Praktika - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინგლისურის შემსწავლელი პლატფორმა

Praktika ინგლისური ენის შემსწავლელი პლატფორმაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ის ადამ ტურაევმა და ილია ჩერნიაკოვმა გერმანიაში დააფუძნეს.

ცოტა ხნის წინ სტარტაპი 500Georgia-ს „ოჯახს“ შეუერთდა და ამიტომაც, გადავწყვიტეთ, ადამს მის შესახებ დეტალურად გავსაუბრებოდით:

როგორ გაჩნდა Praktika-ს შექმნის იდეა?

ეს არ არის ჩვენი პირველი სტარტაპი – მანამდე ჩვენ შევქმენით სპეციალურად წარმოებაზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც ასევე იყენებდა ხელოვნურ ინტელექტს. პლატფორმას 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა. თუმცა, ეს სტარტაპი დსთ-ს ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი.

შემდეგ გადავწყვიტეთ, გლობალურ ბაზარზე გვეცადა ბედი, რისთვისაც საერთაშორისო პარტნიორებთან დავიწყეთ მოლაპარაკებები.

მიუხედავად იმისა, რომ სამივემ დავამთავრეთ ინგლისური ენის შემსწავლელი სკოლა – ამ მოლაპარაკებების დროს ენობრივი ბარიერის პრობლემა შეგვექმნა.

კარგად ვიცოდით გრამატიკაც და მდიდარი ლექსიკაც გვქონდა, მაგრამ როცა საქმე პირისპირ საუბარს ეხებოდა, კარგად არ გამოგვდიოდა, რადგან ინგლისურ საუბარში რეგულარულად არ ვვარჯიშობდით.

სწორედ აქედან გაგვიჩნდა იდეა: რატომ არ უნდა ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც რეალურ ცხოვრებაში სასაუბროდ მოგვამზადებდა?

აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიზანია, საუკეთესოდ მივბაძოთ რეალურ სიტუაციებს, რათა მათთვის მაქსიმალურად მომზადებულები ვიყოთ.

მოგვიყევით სტარტაპის დამფუძნებლების შესახებ – ვინ არიან ისინი?

სტარტაპს 3 თანადამფუძნებელი ჰყავს – მე, ილია ჩერნიაკოვი და  ანტონ მარინი. ჩვენ ერთმანეთს ადრეული ბავშვობიდან ვიცნობთ და ერთად ვმუშაობდით მრავალ პროექტებზე, რომელთაგან ყველაზე წარმატებული Cleverbots-ი აღმოჩნდა – კომპანია, რომელიც დსთ-ში ერთ-ერთი საუკეთესო სასაუბრო AI დეველოპერი გახდა.

მე ვარ სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი და დსთ-ს მასშტაბით (SPLAT, RB, Sanofi) მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში ვმუშაობდი. პასუხისმგებელი ვიყავი მრავალარხიან მარკეტინგზე, მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებულ კამპანიებზე, ინოვაციურ martech/edtech გადაწყვეტილებებზე.

ილია ჩერნიაკოვი, Praktika-ს CPO, მუშაობდა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში (Sanofi, Bosch) და პასუხისმგებელი იყო ბაზარზე ახალი Healthtech პროდუქტების დანერგვაზე.

ანტონ მარინი, ჩვენი CTO, საერთაშორისო ექსპერტია ML, Backend, DevOps/MLOps-ის მიმართულებით. ის მუშაობდა Rakuten Viber-ში იაპონიაში, TWAICE-სა და Relayr-ში გერმანიაში. ანტონი პასუხისმგებელი იყო დატვირთული სისტემებისა და არქიტექტურის შექმნასა და მათ მასშტაბირებაზე.

რას სთავაზობს თქვენი სტარტაპი მომხმარებელს და რა პრობლემას წყვეტს იგი?

Praktika არის მობილური აპლიკაცია iOS-ისა და Android-ისთვის, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად ივარჯიშოთ ინგლისურ ენაში ჭკვიანი AI ავატარების დახმარებით.

მომხმარებლებს ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ,  დაარღვიონ ენობრივი ბარიერი, მიიღონ სრულყოფილი ცოდნა და შექმნან კარიერული შესაძლებლობები.

როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

ჩვენი პირველი ნაბიჯი ბაზრის ღრმა კვლევა და მომხმარებლებთან ინტერვიუების წარმოება იყო.  ჩვენ გამოვიყენეთ respondent.io; pollfish, რომელმაც 300-ზე მეტი ინტერვიუ ჩაატარა მსოფლიოს 5 რეგიონში. ყველაზე მოწყვლადი აღნიშნული პრობლემის მიმართ კი ბრაზილია აღმოჩნდა.

შემდეგ ჩვენ შევქმენით MVP და დავიწყეთ აპლიკაციის სრულმასშტაბიანი ვერსიის შექმნა.

რა სირთულეებს წააწყდით განვითარებასთან ერთად?

ჩვენთვის პროდუქტის შექმნისას მთავარი სირთულე სწორი ფუნქციების არჩევა იყო. თქვენ უნდა აწარმოოთ მომხმარებლის მუდმივი კვლევა, ჩაატაროთ მრავალი ინტერვიუ, რათა მინიმუმ 60%-ით იყოთ დარწმუნებული ფუნქციების პრიორიტეტიზაციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შექმნით პროდუქტს, რომელიც არავის სჭირდება, გარდა თავად გუნდისა.

ახლა რა ეტაპზეა Praktika?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადრეული ეტაპის სტარტაპი ვართ, ახლა ვიწყებთ შემოსავლების გამომუშავებას და ვტესტავთ b2c შესაძლებლობებს, ასევე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინგლისურ სკოლებთან, უნივერსიტეტებთან და სწავლისა და განვითარების განყოფილებებთან Enterprise კომპანიებში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე ვეხმარებით 50 ათასზე მეტ სტუდენტს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, მიიღონ სრულყოფილი ცოდნა და ახალ კარიერულ საფეხურზე გადავიდნენ.

რატომ გაგიჩნდათ სურვილი, შეგევსოთ 500Georgia- აპლიკაცია?

ჩვენ აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება არ გვაქვს. 500Georgia-ში მონაწილეობის პერსპექტივა კი უცნაურად გაგვიჩნდა – მონაწილეობას ვიღებდით Burning Heroes სტარტაპ კონკურსში, როდესაც 500 Global-ის ერთ-ერთმა ჟიურიმ შემოგვთავაზა საკუთარი ბედი ამ პროგრამაში გვეცადა.

თავის მხრივ, ჩვენ აღფრთოვანებული ვიყავით ამ შესაძლებლობით, რადგან გვყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებიც 500-ის კურსდამთავრებულები არიან და გვირჩევდნენ, ხელიდან არ გაგვეშვა ის შესაძლებლობა, რომელმაც მათი სტარტაპის განვითარების გზა სასიკეთოდ შეცვალა.

როგორი მოლოდინები გაქვთ პროგრამასთან დაკავშირებით?

ჩვენი მოლოდინია, რომ ვისწავლით, ჩვენი სტარტაპის ეფექტური ზრდისა და გაძლიერებისთვის საჭირო ხერხებს, აღმოვაჩინეთ ინვესტიციების მოზიდვის ახალ შესაძლებლობებს და გავხდებით 500-ის გლობალური ოჯახის წევრი.

როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობას აძლევს 500Georgia სტარტაპებს და რატომაა მნიშვნელოვანი მათთვის ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

ჩვენ ვმუშაობთ ძალიან გამოცდილ მენტორებთან და ვიმედოვნებთ, რომ ერთად გავაკეთებთ სწორ არჩევანს ძირითადი ფუნქციების პრიორიტეტებიდან დაწყებული, ჩვენი პროდუქტისთვის საუკეთესო ბიზნეს მოდელის პოვნამდე.

ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ამოძრავებს არა ფული, არამედ მემკვიდრეობა. ჩვენთვის მთავარია, შევქმნათ და მხარი დავუჭიროთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცხოვრებას გაუადვილებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე  ადამიანებს.

ჩვენი ოცნებაა, ტექნოლოგიების დახმარებით დავეხმაროთ მილიარდ ადამიანს, რადგან ჩვენ ტექნოლოგიაში ვხედავთ პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობას.

თუმცა, ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ კომპანიებმა მეტი გამოიმუშაონ, არამედ გვსურს, ადამიანებმა თავიანთი ტვინის პოტენციალი არა რუტინული, არამედ შემოქმედებითი ამოცანებისთვის გამოიყენონ და შექმნან რაღაც ისეთი, რისი შექმნაც მანქანას არ შეუძლია და ვერ შეძლებს.

ჩვენი პირადი მიზანია, ავაშენოთ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანია, რომელიც ინვესტიციას განახორციელებს სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრისა და განათლების ხელმისაწვდომობისთვის მებრძოლ  ტექნოლოგიებსა და სტარტაპებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *