2023 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით ორ მილიარდზე მეტი ვებგვერდი რეგისტრირდება. მათი ნაწილი არააქტიურია, ნაწილიც მხოლოდ მცირე ტრაფიკით გამოირჩევა, თუმცა ზოგი მათგანი უკვე წლებია, პოპულარობას არ კარგავს და მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებგვერდების რეიტინგში წამყვან პოზიციებსაც იკავებს.
Similarweb-ის მონაცემებით, ყველაზე მონახულებადი ვებგვერდების ჩამონათვალში პირველ ადგილს Google-ი იკავებს. დღეში 3.5-მილიარდიანი ძიებით, Google-მა უკვე დიდი ხანია, ინტერნეტში ინფორმაციის მომწოდებელი ძირითადი წყაროს სტატუსი დაიმკვიდრა. თუმცა, Google-ის დომინანტობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ის მსოფლიოში მეორე ყველაზე ხშირად მონახულებად ვებგვერდის, YouTube-ის მფლობელიცაა. კოლექტიურად კი, ორივე მათგანი კი შედეგებით ორმოცდაათი ყველაზე პოპულარული ვებგვერდიდან დარჩენილი ორმოცდარვის „ტრაფიკის“ ჯამურ რაოდენობას აჭარბებს.
მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებგვერდების რეიტინგში ვხვდებით სოციალური მედიის გიგანტებს, მათ შორის Facebook-ს, Twitter-ს, Instagram-სა და TikTok-ს. ამ უკანასკნელის პოპულარობა განსაკუთრებით ბოლო წლებში გაიზარდა და დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმაა. თუმცა, საინტერესოა, რომ ჩინური სოციალური მედიის გიგანტი ათეულში მოხვედრას ვერ ახერხებს და მიმდინარე წელს, მხოლოდ მე-18 პოზიციას სჯერდება.
ყველაზე ხშირად მონახულებადი ორმოცდაათი ვებგვერდიდან ოცდაათის მთავარი ბაზა ამერიკის შეერთებულ შტატებშია წარმოდგენილი. აღნიშნული გვერდებიდან ნახევარს ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის Microsoft-ი, Amazon-ი, Alphabet-ი, Meta და Netflix-ი მართავს. ქვეყნების მიხედვით, ტოპ-ათეულში რვა ვებგვერდი აშშ-დან, თითო კი რუსეთიდან (Yandex) და ჩინეთიდან (Baidu) გვხვდება.
მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებგვერდების პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- Google.com – თვიური ტრაფიკი: 85.1 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები
- Youtube.com – თვიური ტრაფიკი: 33 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები
- Facebook.com – თვიური ტრაფიკი: 17.8 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები
- Twitter.com – თვიური ტრაფიკი: 6.8 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები
- Instagram.com – თვიური ტრაფიკი: 6.1 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები
- Baidu.com – თვიური ტრაფიკი: 5 მილიარდი, ჩინეთი
- Wikipedia.com – თვიური ტრაფიკი: 4.8 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები
- Yandex.com – თვიური ტრაფიკი: 3.4 მილიარდი, რუსეთი
- Yahoo.com – თვიური ტრაფიკი: 3.3 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები
- Whatsapp.com – თვიური ტრაფიკი: 2.9 მილიარდი, ამერიკის შეერთებული შტატები