Ford-ი Mustang Mach-E-ის ფასის შემცირებას გეგმავს

Ford-ი Mustang Mach-E-ის ფასის შემცირებას გეგმავს

ამერიკული ავტომწარმოებლის, Ford Motor Co-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია საკუთარი ელექტრო-SUV-ის, Mustang Mach-E-ის ღირებულებას დაახლოებით 5,900 აშშ დოლარით შეამცირებს. საინტერესოა, რომ Ford-ის ეს გადაწყვეტილება Tesla-ს მიერ ავტომობილებზე ფასების 20%-ით შემცირების შესახებ განცხადებიდან ერთ კვირაში გაჟღერდა. როგორც ჩანს, Ford-ი Tesla-სთვის კონკურენციის გასაწევად იძულებულია, ფასები თავადაც შეამციროს.

შეგახსენებთ, Ford-მა წელს საკუთარი ელექტრო-მუსტანგის, Mach-E-ის წარმოების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანია 2023 წელს 130,000 ერთეული Mustang Mach-E-ის წარმოებას გეგმავს. გასულ წელს ამ რიცხვმა 78,000 შეადგინა. საერთო ჯამში, 2023 წლის ბოლოსთვის კომპანია ჩინეთის ქარხნის დახმარებით წარმოების მოცულობის წლიურად 270,000 ერთეულამდე გაზრდას აპირებს. ამჟამად Ford-ი ელექტრო-მუსტანგის მოდელებს მეხიკოსა და ჩინეთში აწარმოებს.

საინტერესოა ისიც, რომ Ford-ის მიერ აღნიშნულ მოდელზე ფასის შემცირება მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში იმოქმედებს. Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიას ფასების შემცირებაში წარმოების გაზრდილი ტემპები დაეხმარა.

გასულ წელს კომპანიამ აშშ-ში 39,458 ერთეული Mustang Mach-E გაყიდა. 2021 წელს კი აღნიშნულმა მაჩვენებელმა 27,140 ერთეული შეადგინა.

Ford-ისა და Tesla-ს გადაწყვეტილებებს კიდევ ერთი ამერიკული მწარმოებელი, General Motors-ი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკურენტების საპასუხოდ ფასების შემცირებას თავად არ გეგმავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *