Nestle-ს 2023 წელს, წარმოების მაღალი ხარჯების ასანაზღაურებლად, სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდა კვლავ მოუწევს. განცხადებას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ შნაიდერი გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში აკეთებს.
შნაიდერის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ფასების ზრდა ისეთივე მკვეთრი არ იქნება, როგორც გასულ წელს, თუმცა „კომპანიას აქვს გარკვეული მიზნები, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში უნდა მიაღწიოს“. შეგახსენებთ, რომ ბევრ განვითარებულ ეკონომიკაში ინფლაცია რამდენიმე ათწლეულის მაქსიმუმზეა, რაც დიდწილად საკვებსა და ენერგიაზე ფასების ზრდას განაპირობებს.
2022 წლის პირველ ცხრა თვეში, მსოფლიოს უდიდესი სასურსათო ჯგუფის გაყიდვების ორგანულმა ზრდამ 8.5%-ს მიაღწია, საიდანაც ფასების ზრდამ 7.5% შეადგინა. ეს იყო ყველაზე მაღალი ცხრათვიანი ზრდა 2008 წლის შემდეგ და განპირობებული იყო უფრო მაღალი ფასებით, რომლის მიზანსაც მზარდი ხარჯების კომპენსირება წარმოადგენდა. თუმცა ამ პერიოდში კომპანიამ ფასების ზრდა მომხმარებელთა დიდი რაოდენობის დაკარგვის გარეშე მოახერხა.
გაზრდილი შესყიდვების მიუხედავად, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფასების ზრდა სამომავლოდ მომხმარებელთა შესყიდვებზეც აისახება. მათივე აზრით, საცხოვრებელი ხარჯების კრიზისის ფონზე, მომხმარებელი უარს იტყვის გარკვეული პროდუქტების შეძენაზე, რაც ინდუსტრიაში გაყიდვების მოცულობასაც შეამცირებს.
დატოვე კომენტარი