გასული ერთი კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის მეცნიერები კიბოს მკურნალობის შემდეგი თაობის მეთოდის შემუშავების კუთხით გარღვევას რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდნენ. პარალელურად, FDA-მ ორი მნიშვნელოვანი მედიკამენტი დაამტკიცა: ერთი თირკმლის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ, მეორე კი სიბრმავის გამომწვევ თვალის დაავადებასთან საბრძოლველად. ამასთანავე, გასულ კვირას BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში კიბოს საწინააღმდეგო, mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინების კლინიკური ცდები მიმდინარე წელს დაიწყება.
წინამდებარე ბლოგში მეცნიერების სფეროს ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს მიმოვიხილავთ.
კიბოს მკურნალობის შემდეგი თაობის მეთოდამდე შესაძლოა 5-დან 10 წლამდე გვაშორებდეს
აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის (UEA) მეცნიერები კიბოს მკურნალობის კუთხით გარღვევას რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდნენ. მათი მეთოდი სინათლის დახმარებით სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის გააქტიურებას გულისხმობს. აღნიშნულის შესახებ მეცნიერების ნაშრომი ჟურნალ Nature Chemical Biology-ში გამოქვეყნდა.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმუშავებს მეთოდი: მეცნიერების განმარტებით, კიბოს უჯრედების მახლობლად ჩანერგილი LED განათების ჩართვისას ბიოთერაპიული პრეპარატების გააქტიურება იქნება შესაძლებელი. ეს კი მკურნალობის მიზანმიმართულად, ამასთანავე უფრო ეფექტიანად და ზუსტად წარმართვის საშუალებას იძლევა, დღესდღეობით ხელმისაწვდომ ნებისმიერ იმუნოთერაპიასთან შედარებით.
„კიბოს მკურნალობის არსებული მეთოდები, მათ შორის ქიმიოთერაპია, კიბოს უჯრედებს ანადგურებს, თუმცა ამასთან ერთად შესაძლოა სხეულის ჯანსაღი უჯრედების, მაგალითად სისხლისა და კანის უჯრედების დაზიანება გამოიწვიოს“, – აცხადებენ კვლევის ავტორები. ეს კი, თავის მხრივ, ისეთი თანამდევი მოვლენების სახით იჩენს თავს, როგორიცაა თმის ცვენა, დაღლილობა, სისუსტე და ინფეციების მიმართ გაზრდილი რისკი.
მეცნიერების მიზანს ისეთი მეთოდის შემუშავება წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც აღნიშნული უკუჩვენებების თავიდან არიდება, პარალელურად კი სიზუსტისა და ეფექტიანობის გაზრდა იქნება შესაძლებელი.
ამ მიზნის მისაღწევად, სპეციალისტებმა კიბოს სამკურნალოდ ანტისხეულები და ანტისხეულების ფრაგმენტები უკვე შეიმუშავეს. UEA-ის გუნდმა დააპროექტა „ანტისხეულის ერთ-ერთი პირველი ფრაგმენტი, რომელიც ქმნის კოვალენტურ ბმას თავის სამიზნესთან – კონკრეტული ტალღის სიგრძის ულტრაიისფერი შუქით დასხივებისას“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შუქის დახმარებით შესაძლებელია ანტისხეულების გააქტიურება და კიბოს უჯრედებზე მათი თავდასხმის კონტროლი. ეს კი LED ნათურების მეშვეობით მიიღწევა, რომლებიც ორგანიზმის შიგნით, უშუალოდ სიმსივნის უჯრედების სიახლოვეს ჩაინერგება. შედეგად, მეცნიერების განცხადებით, კიბოს მკურნალობა უფრო ეფექტიანი და ზუსტი იქნება, რადგან ზემოხსენებული გზით მხოლოდ სიმსივნის სიახლოვეს არსებული მოლეკულები გააქტიურდება და სხვა უჯრედების განადგურება თავიდან იქნება აცილებული.
მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, სპეციალისტებს ახალი მეთოდის დასახვეწად შესაძლოა, კიდევ 5-10 წელი დასჭირდეთ.
NASA-ს ტექნოლოგია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ქვეშ გულის ცემის ამოცნობას ცდილობს
თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ქვეყნებში 46,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სპეციალური ჯგუფები კვლავ მუშაობენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა კატასტროფიდან დაახლოებით ორი კვირაა გასული, რაც ნანგრევებიდან ადამიანების ცოცხლად ამოყვანის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთში მყოფმა NASA-ს სამაშველო ჯგუფებმა ტექნოლოგია „FINDER“-ი მიიღეს, რომელსაც შეუძლია სხეულის მცირე მოძრაობებიც კი გამოავლინოს მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ქვეშ.
როგორც Space.com-ი წერს, FINDER-ი იყენებს მიკროტალღური რადარის სენსორებს ნანგრევების ქვეშ ან ზვავებში გადარჩენილთა საპოვნელად, მათი გულისცემისა და სუნთქვის დისტანციურად გამოვლენით.
როგორც NASA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, ტექნოლოგიას გულის ცემის დროს წარმოქმნილი ძალიან მცირე მოძრაობის დადგენაც კი შეუძლია. ასევე შეუძლია დაადგინოს, მოძრაობა გულისცემით ან სუნთქვით არის გამოწვეული, თუ სხვა მიზეზით.
NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის გუნდმა, რომელიც კალიფორნიაში მუშაობს, FINDER-ი 2010 წელს, ჰაიტიზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ შექმნა. მოგვიანებით, ფლორიდაში დაფუძნებულმა SpecOps Group-მა ტექნოლოგიის კომერციალიზაცია მოახდინა.
შეგახსენებთ, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის გაზიანთეფის პროვინციის არეალში 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი კიდევ ერთი, 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით ბიძგი აღირიცხა.
FDA-მ კომპანია Travere Therapeutics-ის თირკმლის დაავადების სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ფარმაცევტული კომპანია Travere Therapeutics-ის პრეპარატი Filspari დაამტკიცა, რომელიც თირკმლის ქრონიკული დაავადების, IgAN-ის სამკურნალოდ არის განკუთვნილი. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ პარასკევს გაავრცელა, რის შემდეგაც მისი აქციების ფასი 2.8%-ით გაიზარდა.
Travere Therapeutics-ის მედიკამენტი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც თირკმლის უკმარისობის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. თუმცა, მის მიღებამდე პაციენტებს ღვიძლის ტოქსიკურობაზე ტესტირების გავლა მოუწევთ.
როგორც ცნობილია, ერთი თვის სამყოფი Filspari-ის ღირებულება $9,900 იქნება, რაც მას აღნიშნულ პრობლემასთან საბრძოლველად უფრო იაფ საშუალებად აქცევს, ვიდრე Calliditas Therapeutics-ის Tarpeyo-ს, რომელიც FDA-მ 2021 წელს დაამტკიცა. ერთი თვის სამყოფი ამ მედიკამენტის ფასი $14,160-ს შეადგენს.
Travere-ი მედიკამენტის გაყიდვაში ჩაშვებას თვის ბოლომდე ვარაუდობს. სფეროს ექსპერტების პროგნოზით, თირკმლის სამკურნალო მედიკამენტების გაყიდვით კომპანია 2023 წელს 35 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
SpaceX-ი მისია Crew 6-ს 26 თებერვალს განახორციელებს
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისია Crew-6-ს 26 თებერვალს განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ხომალდ Crew Dragon-ით დედამიწის გარეშემო მოძრავ მოდულზე ხანგრძლივი მისიით არაბთა გაერთიანებული საამიროების ასტრონავტი პირველად გაემგზავრება.
SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ის დახმარებით ხომალდს ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვებენ. გეგმის მიხედვით, მისიის ხანგრძლივობა 180 დღეს შეადგენს.
მასკის კომპანია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ოთხ ასტრონავტს გაუშვებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ შორის ეკიპაჟის ერთი წევრი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან იქნება. ეს არის სულთან ალ-ნეიადი. მასთან ერთად ISS-ზე გაემგზავრება NASA-ს ორი ასტრონავტი: უორენ ჰობურგი და სტივენ ბოუენი, ასევე როსკოსმოსის კოსმონავტი – ანდრეი ფედიაევი.
FDA-მ კომპანია Apellis Pharma-ს თვალის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ფარმაცევტული კომპანია Apellis Pharma-ს თვალის დაავადების სამკურნალო მედიკამენტი, Syfovre-ი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ პარასკევს გაავრცელა.
პრეპარატი თვალის დაავადების, გეოგრაფიული ატროფიის (GA) პროგრესირებას ანელებს. ეს დაავადება სიბრმავის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ Syfovre-ი გახდა FDA-ს მიერ დამტკიცებული პირველი მედიკამენტი, რომელიც ამ დაავადების სამკურნალოდ არის განკუთვნილი.
სიახლის გავრცელების შემდეგ, მწარმოებლის აქციების ფასი 19.4%-ით გაიზარდა და 61.99 აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც Apellis Pharma-ს წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, თითო ფლაკონი Syfovre-ის ფასი $2,190 იქნება.
აღსანიშნავია, რომ დასახელებული მედიკამენტი Empaveli-ის ბრენდის ქვეშ უკვე ხელმისაწვდომია სისხლის იშვიათი დაავადების სამკურნალოდ, რომელსაც ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია ეწოდება.
Apellis Pharma-ს განცხადებით, პრეპარატი Syfovre-ის ბრენდის ქვეშ, თვალის დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად ამერიკის შეერთებულ შტატებში სავარაუდოდ მარტის დასაწყისისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის გეოგრაფიული ატროფია (GA) არის ქრონიკული პროგრესირებადი მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის გვიან ეტაპზე ვითარდება – ბადურას ქსოვილის შეუქცევადმა დაკარგვამ შეიძლება მხედველობის დაქვეითება გამოიწვიოს. ეს დაავადება გლობალურად 8 მილიონ ადამიანს აწუხებს და ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციით დაავადებულთა დაახლოებით 20%-ს უვითარდება.
BioNTech-ის CEO: ბრიტანეთში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინების კლინიკური გამოცდა წელს დაიწყება
გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორის, უღურ შაჰინის მიერ ჟურნალ Der Spiegel-თან გაკეთებული განცხადების თანახმად, დიდ ბრიტანეთში კიბოს საწინააღმდეგო, mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინების კლინიკური ცდები მიმდინარე წელს დაიწყება.
გერმანულმა კომპანიამ ბრიტანეთთან თანამშრომლობის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2030 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 10,000 ბრიტანელისთვის კიბოს საწინააღმდეგო პერსონალიზებული თერაპია საცდელი ან უკვე ავტორიზებული სახით იქნება ხელმისაწვდომი.
მიმდინარე წელს დაგეგმილი კლინიკური ტესტირების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, ცდების დაწყებას წლის მიწურულს უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, BioNTech-ი ასევე ავითარებს mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ მალარიის, გრიპისა და ზოსტერის საწინააღმდეგო ვაქცინებს.
რაც შეეხება mRNA-ზე დაფუძნებულ კიბოს თერაპიას, გერმანული კომპანია ამ მიმართულებით 2008 წელს დაარსების დღიდან მუშაობს. მისი ექსპერიმენტული პრეპარატები ამ დრომდე რამდენიმე ასეულ ადამიანზეა გამოცდილი.
დატოვე კომენტარი