Volkswagen-ი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ელექტრომობილების განვითარების, მათ შორის ბატარეების წარმოების მიმართულებით $193 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ინვესტირება ჩრდილოეთ ამერიკასთან დაკავშირებულ გეგმებსაც შეეხება, თუმცა, ავტომწარმოებლის განცხადებით, ხარჯვის ტემპი 2025 წლიდან შემცირებას დაიწყებს.
ელექტრომობილების განვითარების მიმართულებით ინვესტირების გეგმა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა ელექტრომობილების პიონერ Tesla-სთან არსებული „უფსკრულის“ აღმოფხვრა განიზრახა. Volkswagen-ის მიზანი ბატარეებზე მომუშავე ავტომობილების ბაზარზე საკუთარი წილის ზრდაა და კომპანია გეგმავს კიდეც, რომ 2030 წლისთვის მისი გლობალური გაყიდვების 50%-ს EV-ები შეადგენდეს. ხუთწლიანი საინვესტიციო ბიუჯეტის ორი მესამედი ელექტრიფიკაციასა და დიგიტალიზაციაზე დაიხარჯება, როდესაც შარშანდელი გეგმით ამ მიმართულებისთვის მხოლოდ 56% იყო გამოყოფილი.
გეგმების შეცვლა პირველ რიგში ბატარეების ბიზნესში, ნედლ მასალასა და Scout-ის ბრენდის $2-მილიარდიან ქარხანაში გაზრდილი ინვესტიციებითაა განპირობებული. Volkswagen-ის მთავარი ფინანსური დირექტორის, არნო ანტლიცის განცხადებით, კომპანიის მოლოდინით, 2025 წლიდან ახალ გაყიდვებში ელექტრომობილების წილი 20%-ს მიაღწევს, თუმცა კომპანიას შიდაწვის ძრავებში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაც სჭირდება, რაც ავტომწარმოებლისთვის ორმაგი ტვირთია.
Volkswagen-ის ინფორმაციით, სრულდება მუშაობა მაღალეფექტიან პროგრამულ უზრუნველყოფაზეც ავტომწარმოებლების მდიდრული და პრემიუმ-ბრენდებისთვის. თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში Volkswagen-ი მის გამოყენებას, პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება Cariad-ში თავისი ოპერაციების გასაუმჯობესებლად, კომპანიის მასშტაბითაც გეგმავს.
ავტომწარმოებლის ბოლო გეგმით, ბატარეების ქარხნებისა და ნედლი მასალებისთვის 15 მილიარდი ევრო უნდა გამოყოფილიყო. საბჭოს წევრ თომას შმალის განცხადებით, Volkswagen-მა ევროპაში თავისი საჭიროებები სამი ქარხნით დაფარა, ამ ეტაპზე კომპანია დამატებითი ლოკაციის შერჩევას არ ჩქარობს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Volkswagen-მა კანადაში, თავისი პირველი ჩრდილოამერიკული ქარხნის მშენებლობაც დააანონსა, რომელიც წარმოებას 2027 წლიდან დაიწყებს.
დატოვე კომენტარი