HUSKYPARK - ბიზნესი ადრენალინით

HUSKYPARK - ბიზნესი ადრენალინით

ბიზნესსა და ეკონომიკაზე მუშაობა ყოველდღიურად მიწევს. ბოლო 3 წლის განმავლობაში არაერთი გამოცდილი ბიზნესმენის თუ სტარტაპერის აზრი მომისმენია. საქართველო პატარა ქვეყანაა, შესაბამისად, კერძო სექტორის მიერ წამოჭრილი პრობლემებიც ერთნაირია.

განსაკუთრებული ენთუზიაზმით ყოველთვის დამწყები ბიზნესი გამოირჩევა, ენთუზიაზმთან ერთად „სტარტაპერებს“ მსგავსი პრობლემებიც აერთიანებთ – ფინანსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა, ბაზარზე თავის დამკვიდრების პრობლემა, გამოუცდელობისას დაშვებული შეცდომები და ა.შ.

მიუხედავად დაბრკოლებებისა ჩვენს გარშემო არსებობენ საკმაოდ წარმატებული დამწყები ბიზნესები და ამის კარგი მაგალითია Huskypark-ი.

Huskypark-ი მოტოკლუბია, რომელიც სულ 10 თვის წინ შეიქმნა და რომელიც მომხმარებელს დღეს რამდენიმე განსხვავებულ სერვისს სთავაზობს.

თავიდან იყო მხოლოდ მოტოკლუბი. მოყვარულები იკრიბებოდნენ და მათთვის საყვარელი ტრანსპორტით ექსტრემალურ ადგილებში გადაადგილდებოდნენ. მალევე მიხვდნენ, რომ უცნაური სპორტის ბიზნესად ქცევა შესაძლებელი იყო.

მოტოციკლების მოყვარულმა ოთხმა მეგობარმა გიორგი ოთიაშვილმა, დავით ტუღუშმა, გიორგი იდუკაშვილმა და დავით კიკალიშვილმა ჰობი ბიზნესად აქციეს და კომპანია ჩამოაყლიბეს.

Huskypark-მა მოახერხა და ძალიან სწრაფად მოტოციკლების მწარმოებელი ავსტრიული ბრენდის Husqvarna-ს ოფიციალური იმპორტიორი გახდა კავკასიაში. კომპანიას დღეს რამდენიმე სხვა სერვისიც აქვს, მათ შორის მოტოციკლების გაქირავება, მართვის სკოლა, მოტოციკლების შეკეთების სერვისი, ძირითადი საქმიანობა კი სათავგადასავლო ტურიზმია.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ოთიაშვილი ამბობს, რომ „ჰასკიპარკს“ მოტო და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულები საქართველოში ჩამოჰყავს და სპეციალიზებულ ტურებს სთავაზობს. ბიზნესმენის თქმით, დაინტერესება ტურებზე ძირითადად სწორედ უცხოელების მხრიდანაა. სათავგადასავლო ტურებში ყველაზე პოპულარული მიმართულებები ყაზბეგი, შატილი, თუშეთი და კახეთია. ყველაზე მოთხოვნადი კი ქართული ექსტრემალური ბიზნესი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს შორის არის. თუმცა, არსებობის ძალიან მცირე დროის განმავლობაში „ჰასკიპარკს“ უმასპინძლია ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის, ფინეთის, ისრაელის მოქალაქეებისთვისაც.

„ჩამოგვყავს ტურისტები, რომლებიც ერთი-ორი კვირით რჩებიან საქართველოში და ქირაობენ ჩვენს მოტოციკლებს. მიჰყავთ ყაზბეგში ან რომელიმე სხვა მიმართულებაზე. გვაქვს როგორც ქირაობის სერვისი, ასევე ექსტრემალური სათავგადასავლო ტურები, გვყავს გიდები. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს მათს სასტუმროს, ტრანსპორტირებას, ეკიპირებას და ა.შ.“,- აცხადებს გიორგი ოთიაშვილი.

მათთვის, ვინც მოტოციკლის მართვა არ იცის, კომპანიას სპეციალური ტურები აქვს. მსურველებს მათთვის საინტერესო ლოკაციებზე გადაადგილება კვადროციკლის მსგავსი ტრანსპორტით, ე.წ. ბაგით შეუძლიათ.

მრავალპროფილური HUSKYPARK-ის კიდევ ერთი მიმართულებაა მოტოშეჯიბრების ჩატარება. 10 თვის კომპანიამ ამ კუთხით არცთუ მცირე გამოცდილება დააგროვა. მოტოკლუბის წევრებმა უკვე უმასპინძლეს 2 შეჯიბრს, რომლის მონაწილეებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ.

გიორგი ოთიაშვილის თქმით, პირველ ჯერზე შეჯიბრში უცხოეთიდან ჩამოსულმა ოთხმა მოტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა, მეორე შეჯიბრზე კი ეს რიცხვი გასამმაგდა. HUSKYPARK-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მოტომოყვარულობა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, თუმცა, ამ სპორტს ვირუსულობა ახასიათებს და პოპულარობას ყოველდღიურად იძენს.

მხოლოდ 10-თვიანი ისტორიის მიუხედავად, კომპანიამ მოახერხა და „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ მიერ ორგანიზებულ „ბიზნესდაჯილდოებაში“ ფინალში გავიდა. გაიმარჯვებს თუ არა HUSKYPARK წლის ტურისტული ბიზნესის ნომინაციაში, რამდენიმე კვირაში გაირკვევა. თუმცა, მიზანი, რაც დამფუძნებლებს „ბიზნესდაჯილდოებაში“ ჩართვის დროს ჰქონდათ მიღწეულია – კომპანია საუკეთესო 18-ს შორის ერთ-ერთია და დღეს ბევრად მეტმა ადამიანმა იცის HUSKYPARK-ის შესახებ.

სამომავლო გეგმები ამბიციურია. HUSKYPARK-ის დამფუძნებლებს მასშტაბური მოტო შეჯიბრებების ორგანიზება და ექსტრემალურ სპორტში კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვა სურთ. მათი მიზანია, შეჯიბრებებს საერთაშორისო სახე მიეცეს და ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი ჩამოვიდეს, რაც ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *