Apple-მა ინდოეთში iPhone-ების წარმოება გაასამმაგა

Apple-მა ინდოეთში iPhone-ების წარმოება გაასამმაგა

გასულ ფისკალურ წელს, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა, ინდოეთში $7 მილიარდის ღირებულების iPhone-ები ააწყო, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ინდოეთზე Apple-ის ყველაზე გაყიდვადი მოწყობილობის, iPhone-ის წარმოების 7% მოდის, რასაც ამერიკული გიგანტი Foxconn-თან და Pegatron-თან თანამშრომლობით ახერხებს. ინდური წარმოების საგრძნობლად გაზრდა, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა ინდოეთისთვისაც, რომელზეც 2021 წელს, iPhone-ების გლობალური წარმოების მხოლოდ 1% მოდიოდა.

ინდოეთში წარმოების გაზრდა Apple-ის მიერ ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიას უკავშირდება, რასაც ამერიკული გიგანტი წლებია ცდილობს. Apple-ის ჩინური პოლიტიკის ცვლილებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი, ცხადია, პოლიტიკურია და ის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის გართულებულ ურთიერთობას უკავშირდება, რომელიც, თეორიულად, ნებისმიერ დროს შეიძლება დაიძაბოს, როგორც ტაივანის, ასევე უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო. ამასთან, კოვიდ-19-ის შემთხვევების მიმართ ნულოვანი პოლიტიკისა და ქარხნებში ხშირი პროტესტების გამო, ბოლო წლებში, ჩინეთი საწარმოო ბიზნესისთვის მეტად არასტაბილურ ქვეყნად იქცა.

პარალელურად ამისა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას ძალზე საინტერესო საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს, ასე რომ Apple-ის მიერ ინდოეთში წარმოების დიდი ნაწილის გადატანა სავსებით ლოგიკურიცაა. ქვეყანაში განვითარების პარალელურად, Apple-ი აქტიურადაა ჩართული ინდური შრომის სამართლის რეგულირებაშიც, ლობირების გზით.

საინტერესოა, რომ თუ ინდოეთის ბაზრის ათვისება Apple-მა ამავე ტემპებით განაგრძო, 2025 წლისთვის, iPhone-ების მეოთხედი სწორედ ინდოეთში იქნება აწყობილი. დღეს, iPhone-ებს ინდოეთში სამი კომპანია აწყობს – Foxconn-ი, Wistron-ი და Pegatron-ი, რომლებიც, ჯამში, სამოცი ათას ადამიანს ასაქმებენ.

უნდა ითქვას, რომ საწარმოო ხაზის გაზრდის გარდა, Apple-ი ინდოეთში საკუთარ წარმომადგენლობასაც ზრდის, რისთვისაც, მომავალ კვირას, მუმბაისა და ნიუ-დელიში ორი მაღაზიის გახსნას გეგმავს. ამ მაღაზიების გახსნაზე ქვეყანაში Apple-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ტიმ კუკს ელოდებიან, რაც ამერიკული გიგანტისთვის ინდოეთის ბაზრის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.