ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford-მა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა. როგორც ირკვევა, აღნიშნულ პერიოდში კომპანიის შემოსავალმა 41.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 20%-ით მეტია. საყურადღებოა, რომ ნაჩვენები შედეგი მოლოდინებს მნიშვნელოვნად აჭარბებს – პროგნოზების მიხედვით, Ford-ს 2023 წლის პირველ კვარტალში $36.1 მილიარდის შემოსავალი უნდა მიეღო.
ერთ აქციაზე კომპანიის მოგებამ $0.63 შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $0.41-ზე მეტია. აქვე შეგახსენებთ, რომ გასული წლის პირველ კვარტალში Ford-მა 3.1 მილიარდი აშშ დოლარის წმინდა ზარალის შესახებ განაცხადა, რაც Rivian-ში ინვესტიციებთან დაკავშირებული დანაკარგებით იყო განპირობებული. მიმდინარე წლის პირველი კვარტალში კი ავტომწარმოებელმა 1.8 მილიარდი აშშ დოლარის წმინდა მოგება დააფიქსირა.
ამავე პერიოდში Ford-მა 1.1 მილიონი ავტომობილის მიწოდება შეძლო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-იანი ზრდას გულისხმობს.
გარდა ფინანსური შედეგების გასაჯაროებისა, Ford-მა ასევე განაცხადა, რომ სრულად ელექტრო Mustang Mach-E-სთვის შეკვეთების მიღებას განაახლებს, ზოგიერთ მოდელზე კი ფასს დაახლოებით 4,000 აშშ დოლარით შეამცირებს.