The Wall Street Journal-ის Future of Everything Festival-ზე სიტყვით გამოსვლისას, მიშელ ობამამ ჯანსაღი საკვებისა და სასმელების კომპანია PLEZi Nutrition-ი წარადგინა. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედის თანამონაწილეობით დაარსებული კომპანია მშობლებს მათი შვილებისთვის „უფრო ჯანსაღ და გემრიელ პროდუქტს“ შესთავაზებს.
გამოსვლისას, მიშელ ობამამ ყურადღება კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში ცვლილების აუცილებლობაზე გაამახვილა და დასძინა, რომ მისი კომპანია, PLEZi Nutrition-ი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. კომპანიის ერთ-ერთი პირველი პროდუქტი ბავშვებისთვის განკუთვნილი ხილის წვენი PLEZi იქნება, რომელიც 75%-ით ნაკლებ შაქარს შეიცავს, ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა წამყვანი ხილის წვენების უმრავლესობა.
უახლოეს წლებში PLEZi Nutrition-ი დამატებით სხვადასხვა სახის საკვებისა და სასმლის წარმებას გეგმავს. კომპანიის პროდუქციაში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი შაქრის შემცველობა და სიტკბო, რაც ბავშვების ტკბილეულზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ობამას ოფისის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები „კვებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის კრიზისში“ იმყოფებოდა. ოფისის ინფორმაციით, ბავშვები წელიწადში საშუალოდ 24 კილოგრამ შაქარს მოიხმარენ.
მიშელ ობამა PLEZi Nutrition-ის თანადამფუძნებელი და „სტრატეგიული პარტნიორია“. აშშ-ის პირველი ლედის როლში კი ობამა ბავშვებში სიმსუქნის წინააღმდეგ მებრძოლ კამპანიას, Let’s Move-ის ხელმძღვანელობდა. კამპანიის მთავარ მიღწევად 2010 წელს Healthy, Hunger-Free Kids Act-ის მიღება შეიძლება ჩაითვალოს, რომელმაც სკოლის ლანჩებისთვის კვების ფედერალური სტანდარტები დაადგინა.