თბილისის მუნიციპალიტეტმა რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ ვაგონების მიწოდების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროპოლიტენებისთვის 40 ახალი ვაგონის შესასყიდად ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებითა და ორგანიზებით გაიმართა. 2021 წლის ნოემბერში, ტენდერში გამარჯვებულად რუსული კომპანია „მეტროვაგონმაში“ გამოცხადდა, რომელთანაც თბილისის მუნიციპალიტეტმა ვაგონების მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმა. გარიგების საერთო ღირებულება 49 მილიონ ევროს აღემატებოდა.
2023 წლის 19 მაისს, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოხდა „მეტროვაგონმაშის“ სანქცირება. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველო ახორციელებს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულებას. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტი არ აპირებს სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას და „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულება გაუქმდება“, – ვკითხულობთ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.