“მწვანე ქალაქი ლისზე”

“მწვანე ქალაქი ლისზე”

“ლისი დეველოპმენტის” 350 ჰექტარზე გადაშლილი ტერიტორია ნამდვილად ეყოფა ერთ სრულფასოვან ქალაქს. კომპანიამ დაუსახლებელი, ხრიოკი ლანდშაფტის გაკეთილშობილება 2011 წლიდან დაიწყო. პროექტში აქამდე უკვე $100 მილიონზე მეტია ინვესტირებული.

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე ვცხოვრობ. ჩემი სახლიდან ლისის ტბამდე მანძილი დაახლოებით 300 მეტრია. ამიტომ ბევრი ფიქრი არ მიწევს, თუ სად გავასეირნო ჩემი ხუთი წლის ლაბრადორი. ფეხით სულ ათი წუთი მჭირდება, რომ თბილისის თავზე მდებარე ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონამდე მივიდე. უფრო სწორად, დამჭირდებოდა, 300-მეტრიან გზაზე მიმავალს, იაფფასიან საბჭოთა არქიტექტურას შეჩვეულს, სიმწვანეში ჩაფლული სრულიად განსხვავებული არქიტექტურის მქონე ქალაქი რომ არ დამენახა.  

მექანიკურად გაგირბის თვალი ადგილისკენ, სადაც კვადრატული მეტრების ნაცვლად, ცხოვრების განსხვავებულ სტილს გთავაზობენ. მერე იწყებ ფიქრს სილამაზესა და “მწვანე ქალაქში” მცხოვრებ ადამიანებზე. თავს არიდებ   თბილისურ გარემოში დაბრუნებას – იქ, სადაც ხე და ჰაერი ცოტა დარჩა.

“აქ ყოველი დღე განსაკუთრებულია, რადგან შევძელით, ქალაქის ერთ-ერთ ეკოლოგიურად სუფთა ნაწილში მყუდრო და უსაფრთხო გარემო შეგვექმნა, – მეუბნება მარიამ ოსეფაიშვილი. – აქ გაქვს საშუალება, ბავშვი ეზოში გაუშვა და იცოდე, რომ იგი უსაფრთხოდაა, რისი ფუფუნებაც თბილისის კორპუსებში არ გვაქვს. ჩვენს “მწვანე ქალაქში” ასეთი შეზღუდვა არ არსებობს. შეგიძლია გამოხვიდე, ივარჯიშო, ველოსიპედით ისეირნო, ბავშვი ათამაშო, აუზში იცურაო…“

მარიამ ოსეფაიშვილი ლისი დეველოპმენტის მარკეტინგის დირექტორია. მასზეა დამოკიდებული ხეებით სავსე უბნის ჩვენთვის შემოთავაზება და ამ ადგილის კიდევ უფრო საინტერესოდ აღქმა, რასაც თავს მშვენივრად ართმევს, თუმცა ამოცანა რთული არაა – შეუძლებელია, არ დაინახო ყველა ის უპირატესობა, რომელსაც აქ ცხოვრება გთავაზობს.

“მწვანე ქალაქი ლისზე” არა მხოლოდ სიმწვანითა და მშვიდი გარემოთი, არამედ ინოვაციური არქიტექტურული მიგნებებითაც განსხვავდება ჩვენთვის ჩვეული გარემოსაგან. “მწვანე ქალაქში ყველაფერი განსაკუთრებულია: დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლები საკუთარი ეზოთი, რაც თბილისისთვის ახალი და იშვიათია, თაუნჰაუსები, ვილები –  აქ ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული, ფაქტობრივად, ქალაქია ქალაქში, ოღონდ მეტად მწვანე და მრავალფეროვანი. რაც მთავარია, ყველა სახლი ენერგოეფექტურია”, – ამბობს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი. სხვადასხვა იტალიური ჯიშის მცენარითა და ხით გამწვანებული ტერიტორია 5 ჰექტარს მოიცავს და აქ 200-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. პირველი უბანი სრულად ათვისებულია – თავისი პარკებით, აუზით, საბავშვო ბაღით. მეორე უბნის დიდი ნაწილიც ჩაბარებულია, სრულად წლის ბოლოს დამთავრდება. ჯამში ორივე უბანში 400-მდე ბინა უკვე რეალიზებულია.

აქ ცხოვრების შეთავაზებას ბევრი კონკურენტული უპირატესობა აქვს, უმთავრესი კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონასთან სიახლოვეა. კომპანია “ლისი დეველოპმენტმა” დეველოპმენტის პირველადი ფუნქციის შესრულება – ქალაქის უკაცრიელი ადგილის გაცოცხლება შეძლო. კომპანიის ტაქტიკა ასათვისებელი ადგილის განაშენიანება და გამწვანებაა. ეს არა მხოლოდ სახლების, არამედ ეკოსისტემის შექმნასაც ნიშნავს.

“ამ ეტაპზე “მწვანე ქალაქში” ოთხი მოქმედი პარკია, რომელთა რიცხვსაც 2017 წლის ბოლომდე შვიდამდე ავიყვანთ. ჩვენთვის ადგილის განვითარება არ გულისხმობს მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის შექმნას და კვადრატულებში ცხოვრებას, ჩვენი ამომავალი წერტილი არის მეტი სიმწვანე, მეტი დასასვენებელი ადგილი და მშვიდი გარემო”, – მეუბნება მარიამ ოსეფაიშვილი. ამ ხუთი წლის განმავლობაში ლისის ტბის ტერიტორიაზე 20 000-მდე ხე დარგეს, აღადგინეს გოგირდის აბანო, სადაც ბუნებრივად მოდის სამკურნალო წყალი,  კომპანიამ ასევე ააშენა FIFA-ს სტანდარტის საფეხბურთო მინისტადიონი, ტბის გარშემო მოეწყო ინფრასტრუქტურა, რომელიც დამსვენებლებს სჭირდებათ – სანაპირო ზოლი, სპეციალური ბაქანი. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს კაფე-რესტორნები, მერიასთან ერთად დასრულდა ტბის გარშემო 3 კმ-იანი სარბენი ბილიკის გაშენება და აქვეა ორი ყველაზე წარმატებული აკადემია თბილისში: გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკული აკადემია და ბრიტანულ-ქართული აკადემია.

“ხეები და სხვა ნერგები, სრული ტერიტორიის ასათვისებლად რომ გამოვიყენეთ, იტალიიდანაა ჩამოტანილი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გათვლა მთელი კუთვნილი ტერიტორიის გამწვანებაა, გადავწყვიტეთ, რომ ეს ბიზნესად გვექცია”, – ამატებს იგი.

ასეც მოიქცნენ. ამჟამად “ლისი გრინსი” საცხოვრებელი კომპლექსების განსავითარებლად საჭირო ხეებისა და მცენარეულობის ძირითადი მომწოდებელია და “ლისი დეველოპმენტის” გარდა სხვა კომპანიებსაც ემსახურება. მწვანე მიმართულება გულისხმობს რეციკლირებასაც: “გრინსის” მცენარეებით ვგეგმავთ დაძველებული, გამოუყენებელი და დაჟანგული მანქანების გაახლებას, შემდეგ ყვავილებით მორთვას და “ლისი დეველოპმენტის” კუთვნილ ქალაქში სხვადასხვა ადგილას მოფანტვას. ვფიქრობ, კარგი უნდა გამოვიდეს და აქაურობას კიდევ უფრო მეტად გააფერადებს”, – ამბობს მარკეტინგის დირექტორი.

“ლისი დეველოპმენტის” ამომავალი წერტილი – იდეიდან მის განხორციელებამდე – ისაა, რომ კომპანია აშენებს ნაკლებს, ვიდრე უფლება აქვს, რადგან მისი მიზანია, შექმნას ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ცხოვრების ახალი სტილი “და არა კვადრატული მეტრები”.

კომპანიამ თავიდანვე შეიმუშავა კონცეფცია, რომელიც “ლისი დეველოპმენტს” ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ე.წ. 80/20-ით პროპორციით გამოარჩევს: კონცეფცია, რომელიც ემყარება მიზანს, რომ ადამიანმა თავი ბუნების ჯანსაღ ნაწილად იგრძნოს. 80% სიმწვანესა და სუფთა გარემოს ეთმობა, დანარჩენი 20%  – მოქნილ, ყოველი მხრიდან თბილისის ხედით განსაზღვრულ ინფრასტრუქტურას.  

“ლისი დეველოპმენტის” იმიჯსა და რეპუტაციას უძრავი ქონების 20-მდე ჯილდოც ამყარებს. კომპანიის არჩევანმა, რომ სიმწვანეს მეტი ყურადღება და ადგილი დაეთმოს, ვიდრე საცხოვრებელ სახლებს, სხვა ჯილდოებს შორის ერთი გამორჩეული ნაყოფიც გამოიღო: “ლისი დეველოპმენტმა” 2016 წლის ბოლოს European CEO-ს ნომინაციაში – Best Green Developer-ში გაიმარჯვა. ამ წარმატებამ “მწვანე ქალაქი ლისის” 80/20 კონცეფციას საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. ადგილობრივ წარმატებას კი “მწვანე ქალაქის” ახალმოსახლეთა რიცხვის დინამიკაც მოწმობს.

ორი წლის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც “ლისი დეველოპმენტს” ეხებოდა, კომპანიის დირექტორმა გვითხრა: “ჩვენი გამოწვევაა,  მომავალ მომხმარებელს ავუხსნათ, რომ მთავარი ცხოვრების სტილია და არა ცხოვრების ადგილი. რომ იდეალური საცხოვრებელი ადგილი არ არის ცენტრალური უბანი, არამედ ის, სადაც უკეთ ცხოვრობ – ბუნებასთან და ევროპულ სტანდარტებთან ახლოს”.

მისია შესრულებულია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *