გასულ კვირას, სინგაპურის სასამართლოს კომერციულმა პალატამ შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის კომპენსაციის სახით $926 მილიონის გადახდა დააკისრა. სინგაპურის სასამართლოს დადგინებით, Credit Suisse-მა მოსარჩელეების წინაშე დაარღვია მოვალეობა, დაეცვა ტრასტის აქტივები და ვალდებულია მათთვის მიყენებული ზარალი აანაზღაუროს.
სინგაპურის სასამართლომ ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალი $926 მილიონად შეაფასა, თუმცა აღნიშნული თანხა $79.43 მილიონით შემცირდება, რომელიც ბანკმა დეკემბერში უკვე დაფარა. თავად შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის შეფასებით, სინგაპურის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მცდარია და ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ დარღვევებს შეიცავს, რის გამოც განაჩენის გასაჩივრებას ურყევად გააგრძელებს.
შეგახსენებთ, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, 2005 წელს, სინგაპურში, Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულ Mandalay Trust-ს უკავშირდება. ქართველმა მილიარდერმა Mandalay Trust-ში $550 მილიონის დეპოზიტი განათავსა. 2014 წლის დეკემბრის მოცემულობით, კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, 2025 წლის სექტემბერში კი, ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი დარჩა. თავად ივანიშვილმა, თანხის დაკარგვა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის თაღლითობას დაუკავშირა და პასუხისმგებლობა შვეიცარიულ ბანკს დააკისრა.
ივანიშვილისა და შვეიცარიული Credit Suisse-ის კიდევ ერთი დავა მილიარდერისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხებოდა. სასამართლო მასალების თანახმად, ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.
2015 წელს სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი გაქრა, რაც კვლავ ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის, ლესკადრონის თაღლითურ ოპერაციებს დაუკავშირდა. თავად ბანკირი დანაშაულს სასამართლო განხილვის დაწყებიდან აღიარებდა. მისი განცხადებით, 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა ივანიშვილის ხელმოწერას და მისი საშუალებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.
Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და, რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია. მიუხედავად ამისა, მრავალწლიანი დავის შემდეგ, ბერმუდის სასამართლომ განაჩენი ივანიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა და 2022 წლის მარტში, Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულ ბერმუდულ კომპანია Credit Suisse Life-ს საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ 607 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ცნობისთვის, Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი ჟენევის სასამართლომ 2018 წელს თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და 5 წელი მიუსაჯა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლესკადრონი 10 თვეში საპატიმროდან გაათავისუფლეს – მან შარშან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
აქვე შეგახსენებთ, რომ შვეიცარიული ბანკი Credit Suisse მარტში კოლაფსის საფრთხის წინაშე დადგა. შვეიცარიულმა გიგანტმა აქციების დიდი ნაწილი გაყიდა, ხოლო მისმა უმსხვილესმა ინვესტორმა, საუდის არაბეთის ეროვნულმა ბანკმა, Credit Suisse-ის დამატებითი აქციების შესყიდვაზე უარი განაცხადა. ბანკის გადასარჩენად, ასევე შვეიცარიულმა საბანკო გიგანტმა UBS-მა, ქვეყნის მთავრობის შუამავლობით შემდგარი გარიგების ფარგლებში, Credit Suisse-ის $3.3 მილიარდად შეძენა გადაწყვიტა.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, Forbes-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ამ დროისთვის $4.9 მილიარდს შეადგენს, რაც მას საქართველოში უმდიდრეს ადამიანად აქცევს.