საქართველოს ეროვნული ბანკი, 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის აპრილის ბოლოსათვის 43.09 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 242.96 მლნ ლარით, ანუ 0.56%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.64%-ით მეტი). აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 367.11 მლნ ლარით, ანუ 2.18%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.25%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 610.07 მლნ ლარით, ანუ 2.31%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.02%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის აპრილის ბოლოსათვის 48.69 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 2.21 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.63 პროცენტული პუნქტით).
აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.57% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.41%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.08%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.83%, ხოლო ევროს წილმა 18.28% შეადგინა.