მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებული ვებგვერდების სია ყოველწლიურად იცვლება, სფეროს დომინანტები კი, როგორიცაა Google-ი, YouTube-ი და Facebook-ი, მილიარდობით მომხმარებლით, მუდმივად რეიტინგის სათავეში რჩებიან. თუმცა ინოვაციების ახალმა ტალღებმა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ, გავლენა შესაძლოა ვებგვერდების პოპულარობაზეც მოახდინოს.
Visual Capitalist-მა, ანალიტიკური პლატფორმა SimilarWeb-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის ყველაზე ხშირად მონახულებული ვებგვერდების რეიტინგი შეადგინა. გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წლის სიაშიც Alphabet-ისა და Meta-ს საკუთრებაში არსებული ვებგვერდები ლიდერობენ. Google,-ი YouTube-ი, Facebook-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი ერთობლივად რეიტინგის 25 ვებგვერდის ჯამური ტრაფიკის სამ მეოთხედს იკავებენ.
კოლექტიურად, ოცდახუთივე ვებგვერდზე თვიურად 192 მილიარდი ვიზიტი აღირიცხება. რეიტინგში წარმოდგენილი ვებგვერდების უმრავლესობა ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმართება. გამონაკლისია რამდენიმე მათგანი, მათ შორის ჩინური Baidu, რუსული Yandex-ი, და ზრდასრულთა კონტენტის მქონე ვებგვერდები: XVideos-ი, PornHub-ი და XNXX-ი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის რეიტინგში მოხვდა Microsoft-ის საძიებო ვებგვერდი Bing-ი, რომელიც გასული წლების განმავლობაში მომხმარებლებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. თუმცა გენერაციული AI-ის დახმარებით, Microsoft-მა მისი საძიებო სისტემა ამ სფეროში Google-ის ლეგიტიმურ კონკურენტად გადააქცია.
რა თქმა უნდა, მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-ის განსაცვიფრებელი ზრდაა. OpenAI-ის თვიური ვებტრაფიკი, გასული წლის ოქტომბრის 20 მილიონიდან, 2023 წლის აპრილის მონაცემებით, 1.8 მილიარდამდე გაიზარდა. OpenAI-ის ვებგვერდმა, ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა მალე ისეთ გიგანტებს აჯობოს, როგორიც TikTok-ი და Amazon-ია.
Visual Capitalist-ის მონაცემებით, თვიური ტრაფიკის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებული ვებგვერდების 2023 წლის რეიტინგი ასე გამოიყურება:
- Google.com – 83.9 მილიარდი, კატეგორია: საძიებო სისტემა
- Youtube.com -32.7 მილიარდი, კატეგორია: სტრიმინგი, ონლაინტელევიზია
- Facebook.com – 16.8 მილიარდი, კატეგორია: სოციალური მედია
- Twitter. com – 6.4 მილიარდი, კატეგორია: სოციალური მედია
- Instagram.com – 6.3 მილიარდი, კატეგორია: სოციალური მედია
- Baidu.com – 4.7 მილიარდი, კატეგორია: საძიებო სისტემა
- Wikipedia.org – 4.5 მილიარდი, კატეგორია: ლექსიკონი და ენციკლოპედია
- Yandex.ru – 3.3 მილიარდი, კატეგორია: საძიებო სისტემა
- Yahoo.com – 3.2 მილიარდი, კატეგორია: მედიაგამოცემა
- Xvideos.com – 2.9 მილიარდი, კატეგორია: ზრდასრულთა კონტენტი
- Whatsapp.com – 2.8 მილიარდი, კატეგორია: სოციალური მედია
- Pornhub.com – 2.6 მილიარდი, კატეგორია: ზრდასრულთა კონტენტი
- Xnxx.com – 2.3 მილიარდი, კატეგორია: ზრდასრულთა კონტენტი
- Amazon.com – 2.2 მილიარდი, კატეგორია: საცალო ვაჭრობა
- Tiktok.com – 2.0 მილიარდი, კატეგორია: სოციალური მედია
- Live.com – 2.0 მილიარდი, კატეგორია: ელ.ფოსტა
- OpenAi.com – 1.8 მილიარდი, კატეგორია: ტექნოლოგიები
- Reddit.com – 1.7 მილიარდი, კატეგორია: სოციალური მედია
- Docomo.ne.jp – 1.6 მილიარდი, კატეგორია: ტელეკომუნიკაციები
- Linkedin.com – 1.6 მილიარდი, კატეგორია: სოციალური მედია
- Netflix.com – 1.4 მილიარდი, კატეგორია: სტრიმინგი, ონლაინტელევიზია
- Office.com – 1.4 მილიარდი, კატეგორია: პროგრამული უზრუნველყოფა
- Yahoo.co.jp – 1.3 მილიარდი, კატეგორია: მედიაგამოცემა
- Dzen.ru – 1.3 მილიარდი, კატეგორია: საზოგადოება და სოციუმი
- Bing.com – 1.3 მილიარდი, კატეგორია: საძიებო სისტემა