ქართული თხილის საექსპორტო წარმატება საქართველოს ბაზარზე Ferrero-ს გამოჩენით იწყება.
შოკოლადის სიყვარული მაღალ ინტელექტზე მიუთითებს, თხილის სიყვარული კი – ჯანმრთელ გონებაზე. მე არ მომიგონია: თხილი E ვიტამინს შეიცავს, რომელიც კოგნიტურ უნარებს აუმჯობესებს. შოკოლადისა და ინტელექტის მჭიდრო კავშირზე კი ინტერნეტი სავსეა კორელაციური კვლევებით. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრანც მესერლიმ დაადგინა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც უფრო ხშირია შოკოლადის მოხმარება, მეტია ნობელის პრემიის ლაურეატი.
შოკოლადისა და თხილის ერთობლიობას მსოფლიოს ერთი ასოციაცია განაპირობებს – Ferrero. Nutella, Ferrero Rocher, Raffaello და Kinder-ის მთელი ხაზი სწორედ Ferrero-ს პროდუქტებია, რომლებიც მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში თვალის დახამხამებაში იყიდება. მათ შორის, საქართველოშიც. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშიც შედის, სადაც გლობალურ კომპანიას თავისი წარმოება აქვს. საქართველოში ამ მისიით Agri Georgia საქმიანობს.
„არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად“ სულ რიცხვებში და კონკრეტული მაგალითებით გვაჩვენა კომპანიამ დარგში თავისი მიღწევები. „Ferrero-ს ანგარიშის მოსმენას საქართველოში იტალიის საელჩომ უმასპინძლა. შეხვედრა ელჩთან და Ferrero-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გახსნა. მოდერატორი FORBES Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე გახლდათ.
იტალიის ელჩის რეზიდენცია, რომელიც ამავდროულად საელჩოს ფუნქციასაც ითავსებს, ხალხით მალე გაივსო. კერძო სექტორის წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დონორები, საგანმანათლებლო სექტორში დასაქმებულები, მედია – ყველა ერთად შეიკრიბა Ferrero-ს ანგარიშის მოსასმენად.
მედიისთვის საინტერესო იყო კონტექსტიც, რომელშიც ამ ანგარიშის მოსმენა გაიმართა – საკონსტიტუციო ცვლილებებამდე რამდენიმე დღით ადრე. პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სწორედ ამ შეხვედრაზე თქვა პირველად ყველაზე გარკვევით, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა აიკრძალებოდა, თუმცა ამ აკრძალვას უკუძალა არ ექნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ამ სექტორში მიწას უკვე ფლობენ, საკუთრების რაიმე ფორმით დათმობა არ მოუწევთ. პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ Ferrero-ს საქმიანობა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგს გამოცდილებას სძენს და საექსპორტო ბაზრებზე პერსპექტივას უხსნის.
Ferrero-ს ისტორია საქართველოში, მართლაც, ეფექტიანი უცხოური ინვესტიციის საუკეთესო მაგალითია – ამ ინვესტიციის წყალობით, ქართულ მიწაზე არა მხოლოდ მეტი თხილი მოდის, ის ტყის მასივითაც დაიფარა.
ალბათ არც ერთ სხვა ქვეყანაში Ferrero-ს იმხელა გარდატეხა არ შეუტანია, როგორიც საქართველოში. ტრადიციულად, ღვინის სამშობლოდ წოდებულ ქვეყანაში კომპანიამ მალევე დაამტკიცა, რომ საქართველო შეიძლება თხილის ქვეყანაც იყოს. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თხილი, სტაბილურად, საექსპორტო პროდუქციის სამეულშია.
ქართული თხილის საექსპორტო წარმატება საქართველოს ბაზარზე Ferrero-ს გამოჩენით იწყება.
2007 წელს კომპანიამ შავი ზღვის სიღრმისეული კვლევა ჩაატარა. Ferrero-ს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საქართველოში კომპანიას თავისი საქმიანობა ზუგდიდიდან უნდა დაეწყო. ასე გამოჩნდა საქართველოში კომპანია Agri Georgia.
დღეს, თითქმის 10 წლის შემდეგ, Agri Georgia ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა თხილის ადგილობრივ ბაზარზე. ის აწარმოებს როგორც იტალიურ ჯიშებს, ისე სხვა ევროპულ სახეობებს და, რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის ქართულ ჯიშებსაც. Agri Georgia ფლობს ხუთ ფერმას, ორ სანერგეს და სატეხ-საშრობ საწარმოს. კომპანია 3500 ჰა მიწას ამუშავებს და წელიწადში 1 მილიონ ნერგს აწარმოებს.
ყველა ნაბიჯი, რომელსაც Ferrero საქართველოში დგამს, კარგად გააზრებული გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. მის მიერ შემუშავებული მოდელი წაუგებელი აღმოჩნდა – თხილის პლანტაციებით გატყიანებამ დასავლეთ საქართველოში არა მხოლოდ გარემოსდაცვითი, არამედ ეკონომიკური შედეგებიც გამოიღო.
გატყიანების პროექტის შედეგად მივიღეთ მუდმივი ტყის საფარი – 2 მილიონზე მეტი თხილის ხე 3000 ჰა ფართობზე. გარემოსდაცვითი კუთხით, პლანტაცია ამცირებს გამოყოფილი ნახშირბადის მოცულობას მცენარის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, რაც, სხვადასხვა კვლევით, შეიძლება 50 წელზე მეტსაც გაგრძელდეს. ეს კი, თავის მხრივ, აჩერებს ნიადაგისა და მცენარეული საფარის დეგრადაციას. ეკონომიკური კუთხით, მართვისა და საველე სამუშაოებში ყოველთვიურად დასაქმებულია 200-ზე მეტი მუდმივი და 300-მდე დროებითი ადგილობრივი თანამშრომელი, რომლებიც არა მხოლოდ კუთვნილ ანაზღაურებას იღებენ, არამედ სრული წვდომა აქვთ სამედიცინო მომსახურებაზეც.
Ferrero-ს მიერ დარგის განვითარებისთვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი რომ ერთიანი მოზაიკის ნაწილია, ამაზე კომპანიის საქმიანობის ტაიმლაინიც მიუთითებს, რომელიც 2012 წლიდან იწყება და 2020 წლამდე ყველა აქტივობა გაწერილია. აქ ფერმერთა უნარების განვითარებისთვის გაწეული ყველა წინა ძალისხმევა მომდევნო – არანაკლებ სერიოზული ძალისხმევით არის გამყარებული.
მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ეკონომიკური განვითარების ინიციატივის პროგრამა, რომელსაც კომპანია Ferrero USAID-თან თანამშრომლობით სამი წლის განმავლობაში, 2012-2014 წლებში ახორციელებდა. ამ პერიოდში 3000-ზე მეტმა ფერმერმა გაიარა ინტენსიური ტრენინგები, სადაც ისინი თანამედროვე გამოცდილებასა და მიდგომებს საერთაშორისო ექსპერტებთან და პრაქტიკოსებთან ერთად ნერგავდნენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.
პროგრამა დასრულდა, თუმცა იმისთვის, რომ ფერმერებს მიღებული ცოდნა არ დაეკარგათ და ეფექტიანობასა და პროდუქტიულობაზე ზრუნვა გაგრძელებულიყო, ხოლო ტრენინგებით მიღებული შედეგები განმტკიცებულიყო, 2013 წელს, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, Agri Georgia-მ დააარსა თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, რომელსაც აქტიურად ეხმარება იმისთვის, რომ აგრონომებს რეგულარული ტრენინგები უტარდებოდეთ, ახალი ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ინფორმაციას იღებდნენ და ამით მუდმივად აუმჯობესებდნენ საკუთარ ბაღებს. Agri Georgia-ს ტრენინგ-კურსები ფარავს ყველა საჭირო მიმართულებას: დარგვას, მოსავლის აღებას, მოვლას, ლაბორატორიულ ტექნოლოგიებს, ლოგისტიკასა და მარკეტინგს.
თხილის ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე კრიტიკულ მიმართულებებში Ferrero მიზნობრივ პროექტებს ახორციელებს. ასეთია, მაგალითად, თხილის დატეხის, გაშრობისა და შენახვის საგრანტო პროგრამა, რომელიც Agri Georgia-მ 2016 წელს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნას საშრობი ცენტრების ქსელი – 40 საშრობი ცენტრი სხვადასხვა რეგიონში.
რატომ არის ეს მიმართულება კრიტიკული? საქმე ის გახლავთ, რომ თუ თხილი მოსავლის აღებისთანავე არ დაიმტვრევა და გასაშრობად არ მომზადდება, ეს უარყოფით გავლენას ახდენს მის ხარისხზე. ეს განსაკუთრებით ეხება ადგილობრივი ჯიშის თხილს, რომელიც ხიდან მწვანე ნაჭუჭიანად ცვივა.
კვლევები აჩვენებს, რომ არსებულ საშრობ და სასაწყობო სათავსოებში შესაძლებელია წლიური წარმოების მხოლოდ 9.5%-ის გაშრობა და 2.5%-ის შენახვა. შენახვა თხილის ბიზნესის აუცილებელი კომპონენტია, რადგან თხილის 50%-ის გაყიდვა მოსავლის აღებიდან მხოლოდ სამ თვეშია შესაძლებელი. თუ თხილი დაბალი ხარისხის სასაწყობო სათავსოებში ინახება (როგორც ეს დღეს ხდება), თხილის გულის ხარისხი და წონა 10-20%-ით ვარდება; დიდია მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგიც – საშუალოდ, 35%-მდე.
სწორედ ამ პრობლემების გადაჭრა უნდა Ferrero-ს თავისი მიზანმიმართული საგრანტო პროგრამით. პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, წელიწადში ორი გამართული სათავსოს მიღებაზეა ორიენტირებული. Agri Georgia-ს გრანტების მოცულობა დაახლოებით $55 ათასია. სათავსოები, რომელთა მოსაწყობადაც გაიცემა გრანტი, ათ სხვადასხვა სოფელში უნდა იყოს და გასაშრობად, მინიმუმ, 1000 მტ, ხოლო დასასაწყობებლად მინიმუმ 500 მტ თხილს უნდა იტევდეს. სათავსოების მფლობელების, მენეჯერებისა და პერსონალისთვის გათვალისწინებულია ტრენინგებიც.
მართალია, ამ პროგრამის წარმატებით განხორციელების შემდეგ ბაზრის მოთხოვნა თხილის გაშრობასა და შენახვაზე დაკმაყოფილებული იქნება, თუმცა რჩება მთავარი კრიტიკული მიმართულება – თავად თხილის წარმოება, რაც ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს თხილის მაღალ ხარისხსა და პროდუქტიულობას. Ferrero-ს ამ მიმართულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებებიც დეტალურად აქვს შესწავლილი. მათ შორისაა: თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის – განსაკუთრებით კი სასუქისა და პესტიციდების კუთხით – გააზრების და დანერგვის დაბალი დონე; ტექნიკის გამოყენების შეზღუდვა ბაღების არასწორი მოწყობის გამო; ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ახალი საწარმოო და მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების დანერგვისთვის.
ამ გამოწვევას Ferrero ორი კონკრეტული პროგრამით პასუხობს: ქართული თხილის გაუმჯობესების პროექტი (GHIP) და თხილის ბაღების პროექტი.
პირველ პროექტში ჩართულები არიან როგორც დონორები – კერძოდ, გლობალური განვითარების ალიანსი და USAID-ი, ასევე – ადგილობრივი ასოციაციებიც – კერძოდ, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია და თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია.
მეორე პროგრამაში კი Ferrero კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობს: პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკები გასცემენ გრძელვადიან, დაბალპროცენტიან კრედიტს, ექვს წლამდე საშეღავათო პერიოდით. შესაბამისად, თხილის ბაღების პროექტში Agri Georgia-ს ორკომპონენტიანი პროგრამა – Turnkey Solution-ი ინვესტორებს უზრუნველყოფს როგორც ტექნიკური დახმარებით, ისე მორგებული ფინანსური პაკეტით, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, ახალი პლანტაციები გააშენონ და უკუგება პირველი მოსავლის აღებიდან უკვე მეხუთე წელს მიიღონ.
ასეა – კომპანია Ferrero-ს გამოცდილება საქართველოს თხილის ბაზარს შესაძლებლობას უქმნის, თავისი პოტენციალი ბოლომდე აითვისოს. ზუსტად ისე, როგორც ეს თავად ამ კომპანიამ შეძლო. 1946 წელს, როცა მიკელე ფერერო იტალიის პატარა ქალაქ ალბაში ბიზნესს იწყებდა, ალბათ რთულად წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ მისი კონსოლიდირებული ბრუნვა 10 მილიარდ ევროს გადააჭარბებდა და კომპანია შოკოლადის საკონდიტრო ნაწარმის გლობალურ ბაზარზე ყველაზე გავლენიანი კომპანიების მესამე ჯგუფში აღმოჩნდებოდა.
დღეს „Ferrero–ს ჯგუფი 41 ათას თანამშრომელს აერთიანებს 53 ქვეყანაში; გლობალურად 23 საწარმოს მართავს და უკვე მესამე წელია, ფლობს Ferrero-ს თხილის კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, ექვს სასოფლო-სამეურნეო კომპანიასა და რვა საწარმოს აერთიანებს.
მათ შორის, საქართველოშიც.
BOXESფრანჩესკო პაოლო ფულჩი / Ferrero Italy-ს პრეზიდენტი და Ferrero International-ის ვიცე-პრეზიდენტი
ღირებულებების გაზიარება ღირებულების შესაქმნელად – ეს გახლავთ ჩვენი დევიზი. ჩვენ საქართველოში 3500 ჰექტარის ფართობის თხილის პლანტაციით ვართ წარმოდგენილი. საერთო ჯამში ჩვენი პროდუქცია 170 ქვეყანაში გადის ექსპორტზე, თუმცა ჩვენი ჯგუფის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მიანც ის არის, რომ Ferrero განვითარებას არ წყვეტს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენი ბრუნვა თითქმის გაორმაგდა და 2017 წელს 10.3 მილიარდი ევრო შეადგინა. მე ვამაყობ, რომ Ferrero სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც.
ალესანდრო ბოკარდო / Ferrero Hazelnut Company-ის მენეჯერი
საქართველოში თხილი 50 000 – 60 000 ჰექტარ მიწაზეა კულტივირებული და მთლიანი მოსავლის ნახევარზე მეტი წარმოებაშია მიცემული. თითოეული ჰექტარიდან მიღებული მოსავალი საშუალოდ 1-დან 1.5 ტონამდე მერყეობს. ჩვენი შეფასებით 1 ჰექტარი მიწიდან მიღებული თხილის წარმოება საქართველოში შესაძლოა მაქსიმუმ 2 დან 2.5 ტონამდე გაიზარდოს. მთლიანობაში თხილი საქართველოს ბაზრის წილის 4%-ს შეადგენს. ცხადია, თხილის წარმოებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში, თუმცა, ჩვენი გათვლებით, მისი წილი ბაზარზე მაქსიმუმ გაორმაგდეს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური და ტექნიკური რესურსი შეიძლება გაიზარდოს და ეს ასეც იქნება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ანუ მიწა, არ იძლევა მეტის საშუალებას, რადგან ის ძალიან ფრაგმენტულია.
ალდო უვა / Ferrero International-ის სტრატეგიული ბიზნესერთეულების მთავარი ოპერაციული ოფიცერი
კომპანია Ferrero-ს მიზანია, ხელი შეუწყოს ფერმერებს თხილის კულტივაციაში და გარკვეულწილად მაგალითიც იყოს მათთვის. ჩვენი მთავარი მიზანია, მაღალხარისხიანი პროდუქტი საუკეთესო და ნარჩევი თხილით ვაწარმოოთ. სწორედ ამისთვის არის საჭირო, გვყავდეს ბევრი გამოცდილი და მოტივირებული ფერმერი, ვინც ამ საქმეში აქტიურად ჩაერთვება. მეორე მხრივ, არ დაიშურებს თანხებს ინფრასტრუქტურის – განსაკუთრებით კი თხილის საშრობი და სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
ანტონიო ენრიკო ბარტოლი / იტალიის ელჩი საქართველოში
დამერწმუნეთ, Ferrero კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი წარმატებული და ნათელი მაგალითია. ეს კომპანია ახერხებს, რომ იყოს ლოკალური და ამავდროულად გლობალურიც. Ferrero–ს ხელეწიფება მაქსიმალური ზრუნვა იმ ტერიტორიასა და ადამიანებზე, რომლებსაც მისი საქმიანობა მოიცავს ამა თუ იმ ქვეყანაში. აღარაფერს ვიტყვი იმ მრავალრიცხოვან პროექტებზე, რომლებიც ამ კომპანიამ საქართველოში განახორციელა. წლების განმავლობაში. Ferrero უნდა იყოს ქართულ ბაზარზე, რადგან მისი წვლილი თუნდაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ძალიან დიდია.
დატოვე კომენტარი