გერმანიამ რუსეთს ხუთიდან ოთხი საკონსულოს დახურვის მოთხოვნით მიმართა

გერმანიამ რუსეთს ხუთიდან ოთხი საკონსულოს დახურვის მოთხოვნით მიმართა

გერმანიის მთავრობამ რუსეთს გერმანიაში მისი ხუთი საკონსულოდან ოთხის დახურვის მოთხოვნით მიმართა. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მოსკოვმა რუსეთში გერმანიის საელჩოსა და მასთან დაკავშირებულ ორგანოებში თანამშრომლების რაოდენობაზე შეზღუდვა დააწესა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ კრისტოფერ ბურგერის განცხადებით, გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის „პერსონალისა და სტრუქტურების თანასწორობის“ შექმნას ისახავს მიზნად. ამჟამად რუსეთის საკონსულოები ბონში, ფრანკფურტში, ჰამბურგში, ლაიფციგსა და მიუნხენში მდებარეობს. გერმანიის მოთხოვნის შემდეგ, მათგან უკვე რომელი განაგრძობს მუშაობას, თავად მოსკოვი გადაწყვეტს.

რუსეთის მთავრობამ ახლახან განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის მხოლოდ 350-მდე მაღალჩინოსანი (მათ შორის კულტურულ ორგანოებსა და სკოლებში დასაქმებული პირები) შეძლებს რუსეთში დარჩენას. ბურგერის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ გერმანიას ნოემბრისთვის მოუწევს, დახუროს თავისი საკონსულოები ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკსა და კალინინგრადში. მუშაობას მხოლოდ მოსკოვში არსებული საელჩო და სანქტ-პეტერბურგის საკონსულო გააგრძელებენ.

გარდა ამისა, ბურგერის ინფორმაციით, წლის ბოლოდან, რუსეთს ბერლინში მისი საელჩოსა და კიდევ ერთი საკონსულოს ფუნქციონირების გაგრძელების უფლება მიეცემა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა საკონსულოების დაკეტვის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა, თუმცა დასძინა, რომ ქვეყნებს შორის მრავალი ტიპის ორმხრივი საქმიანობის გასაგრძელებლად „უბრალოდ არანაირი საფუძველი აღარ არსებობს“.