ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ბანკი საპროცენტო განაკვეთს იმ ნიშნულამდე გაზრდის, სანამ ინფლაცია არ შემცირდება. გარდა ამისა, მაღალი საპროცენტო განაკვეთი იმ დროით შენარჩუნდება, რამდენიც ინფლაციის დასასტაბილურებლად იქნება საჭირო.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა საპროცენტო განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გასულ თვესაც გააკეთა. მისი განმარტებით, მიუხედავად მაისში ინფლაციის თითქმის 1%-ით შემცირებისა, განაკვეთი მაინც გაიზრდებოდა. ცნობისათვის, მაისში ინფლაცია 6.1%-მდე შემცირდა.
2022 წლის ივლისში რეკორდულად მაღალი ინფლაციის დაფიქსირების შემდეგ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები ასევე რეკორდული სისწრაფით გაზარდა. ევროპარლამენტის ეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის საქმეთა კომიტეტისათვის წარდგენილ მოხსენებაში კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ფასების შემცირების ტრენდისა, ინფლაციის პიკის სარწმუნო ნიშნები არ იკვეთება.
საკვებსა და ენერგორესურსებზე გაზრდილმა ფასებმა ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვნად შეაფერხა.