საქართველოს უმდიდრესი სპორტსმენი GULF-ის სახე ხდება. ჰონორარი, რომელსაც ზაზა ფაჩულია კომპანიისგან მიიღებს, მის აკადემიას, ანუ ქართული კალათბურთის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას მოხმარდება.
“გალფსა” და ზაზა ფაჩულიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზანი იმაზე უფრო ფართო და მნიშვნელოვანია, ვიდრე კომპანიის მხრიდან მხოლოდ სწორი მარკეტინგული გათვლა, ან ცნობილი კალათბურთელის მხრიდან თავისი შემოსავლების კიდევ უფრო მეტად გაზრდის გადაწყვეტილება. როგორც ზაზა ფაჩულია ამბობს, ეს თანამშრომლობა ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობაა.
საქმე ზაზას კალათბურთის აკადემიას ეხება – “გალფთან” საქმიანი კავშირები პირველ რიგში სწორედ ამ აკადემიის გაძლიერებას მოემსახურება.
ზაზას აკადემიაში დღეს 600-მდე ახალგაზრდა გადის წვრთნას. მათ ჰყავთ ათამდე ქართველი მწვრთნელი და ორიც უცხოელი – სერბი და სლოვენიელი, დიდი გამოცდილებით და მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული. ზაზა ამბობს, რომ მათი გამოცდილება არა მხოლოდ ბავშვებს წაადგებათ, არამედ ქართველ მწვრთნელებსაც, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, ახალ ტექნიკებს დაეუფლონ და თვითონაც აიმაღლონ კვალიფიკაცია.
თავად ზაზა უკვე 13 წელია, აქტიურ სპორტშია, ყველაზე ელიტარულ ლიგაში თამაშობს და თამაშიდან გასვლაზე მხოლოდ მაშინ ამახვილებს ყურადღებას, როცა ასაკს შეახსენებ და ამ თემაზე კითხვას დაუსვამ. სხვათა შორის, მისი გამოცდილება ნამდვილი რეკორდია, რადგან სტატისტიკურად, NBA-ში კარიერის საშუალო ხანგრძლივობა 4-5 წელია.
ხარისხი პირველ რიგში – ასეთია ზაზა ფაჩულიას მიდგომა. NBA-ში კონკურენცია ძალიან მაღალია, ერთი იაღლიში და ყველაფერს კარგავ, რადგან ელიტარული ლიგის კართან მოტივირებული კალათბურთელების მთელი ჯარი დგას. “გალფის” სახედ გახდომასაც მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ ამ მთავარ ღირებულებაში კომპანიასთან შეუთავსებლობა არ აღმოაჩნდა. მეტიც, მოლაპარაკებების პროცესში, ორმხრივი თანამშრომლობის ეპიცენტრი მისთვის ყველაზე ღირებული აქტივი – აკადემია აღმოჩნდა: მთელი ჰონორარი, რომელსაც ზაზა კომპანიისგან მიიღებს, აკადემიის განვითარებას მოხმარდება. ხაზს უსვამს, რომ კომპანია, რომელიც თავად არ სცემს პატივს ხარისხს, ვერ იქნებოდა მისი პარტნიორი ამ მთავარ საქმეში.
ზაზას თქმით, შეიძლება ყველა ბავშვი, რომელიც აკადემიაში დღეს ვარჯიშობს, მსოფლიო დონის ვარსკვლავი ვერ გახდეს და NBA-ის სტანდარტებს ვერ შესწვდეს, მაგრამ მთავარი, რასაც ზაზა, მწვრთნელების გუნდთან ერთად, მშობლებს ჰპირდება, ის არის, რომ კალათბურთით დაინტერესებული მათი შვილები საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას შეძლებენ. ამ მიზნის მისაღწევად კი ზაზა ფაჩულია, მონაცემებზე მეტად, შრომისუნარიანობას აფასებს: სიმაღლე კარგია, თუმცა არასაკმარისი პირობაა იმისთვის, რომ კარგი სტრატეგი და ტაქტიკოსი აღმოჩნდე და სწორი ტექნიკით შეუტიო მოწინააღმდეგეს.
რაც მთავარია, აკადემიის სპორტსმენებს წარმატების ცოცხალი მაგალითი სულ თვალწინ ჰყავთ.
2015 წელს მიღებული 5.2-მილიონდოლარიანი კონტრაქტით, ზაზა ფაჩულია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სპორტსმენია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზაზა მხოლოდ ხელფასის სახით 2010 – 2016 წლების განმავლობაში 30 მილიონამდე ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს. ბოლო ხუთი სეზონიდან მიღებული შემოსავლის ჯამი ზაზასთვის 24 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს.
შთამბეჭდავი რიცხვების მიუხედავად – არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი – ეს ცნობილი ფრაზა ზაზას შემთხვევაში არ მუშაობს. ყველაფერი, რაც კალათბურთს, ახალგაზრდების დაკვალიანებასა და “გალფთან” თანამშრომლობას უკავშირდება, ზაზასთვის, ბიზნესთან ერთად, ძალიან პირადულია.
მისი აკადემია დღეს დიდუბის იმ სპორტულ ბაზაზეა განთავსებული, სადაც წლების წინ უშუქობაში, გაყინულ დარბაზში, ფარს ბურთი პირველად ხელთათმანებით დაუმიზნა.
და ჩააგდო.
2015 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას სწორედ დიდუბეში მდებარე ეს სპორტული ბაზა გადაეცა 50 წლით იმისთვის, რომ აქ NBA-ის სტანდარტების კალათბურთის აკადემია გაეხსნა.
სულ მთლად ნულიდან არ დაუწყია. სპორტული ბაზა 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გარემონტდა და კეთილმოეწყო: გაიმართა კალათბურთის ოთხი დარბაზი, სასტუმროს ტიპის ნომრები სპორტსმენებისთვის და მანეჟი სარბენი ბილიკით.
თუმცა, შეიძლება იმიტომაც, რომ თვითონ ძალიან მძიმე პირობებში უწევდა ვარჯიში, დღეს ზაზა პირად ინვესტიციას არ ზოგავს იმისთვის, რომ აკადემიაში უბრალოდ კარგი პირობები კი არა, NBA-ის სტანდარტის პირობები იყოს. ინვესტიციის მოცულობას არ გვიმხელს – ამბობს, რომ, ისევე როგორც მისი კონტრაქტები, აკადემიაზე ზრუნვაც პირადულია: “ზუსტად იმდენი ინვესტიციაა საჭირო, რამდენიც NBA-ის სტანდარტების დაკმაყოფილებას სჭირდება”.
ერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, ის არის, რომ დიდუბეში, ზაზას აკადემიაში ზუსტად ისეთივე პარკეტია დაგებული, როგორზეც “მილუოკი” (Milwaukee Bucks) ვარჯიშობს. ეს პარკეტი სპეციალურად ამერიკიდან ჩამოვიდა ზაზას აკადემიისთვის. საბედნიეროდ, Google-ში ყველაფრის მოძიება შეიძლება და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ პარკეტის ფასი საშუალოდ 80 ათასიდან 100 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს, მისი შენახვა კი ყოველწლიურად საშუალოდ დამატებით 4-დან 8 ათას დოლარამდე ჯდება. აკადემია იმითაც არის გამორჩეული, რომ მის სპორტსმენებს ემსახურება ექიმი, ფსიქოლოგი – დაცულია ყველა ის სტანდარტი, რასაც NBA მოითხოვს. ზაზას სამომავლო გეგმებიც აქვს: აპირებს თავის აღსაზრდელებს სწავლის პირობებიც ადგილზე შეუქმნას, რომ ვარჯიშსაც არ მოცდნენ და განათლებაც აქვე მიიღონ.
საქართველოში სხვა ბიზნესებიც აქვს – სასტუმროები და ფიტნესცენტრები. სასტუმროებში 4 მილიონამდე დოლარი დააბანდა. თუმცა განსაკუთრებით ამაყობს ფიტნესცენტრებით, რადგან მიაჩნია, რომ ამ ცენტრების პოპულარიზებით, თავისი წვლილი შეიტანა ჯანსაღი ცხოვრების კულტურის განვითარებისა და ნელ-ნელა დამკვიდრების პროცესში. უკვირს, რომ ფიტნესცენტრები დილიდან საღამომდე დატვირთულია, ხოლო ვარჯიშზე მოთხოვნა განტვირთვის საშუალებადაც კი იქცა. მისი თქმით, ეს პირველი ნიშნებია, რომ სპორტი ქვეყანაში კიდევ უფრო დიდი ღირებულება გახდეს.
თუმცა – აკადემია ის საქმეა, რომლის კეთებაც ზაზას სიცოცხლის ბოლომდე სურს. მისი თქმით, რთულია, როცა შენს მთავარ საქმეს თავს ანებებ, მაგრამ ისიც ესმის, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება. როდის – ჯერ არ იცის. იქნებ კიდევ ერთი რეკორდიც მოხსნას – ამისთვის ზაზა აქტიურ სპორტში კიდევ 8 წელს უნდა დარჩეს. ფაქტია, ცდილობს, პოზიტიურად განეწყოს და ამ დღის დადებითი მხარეები აქედანვე გაითავისოს – ამბობს, რომ ოჯახისთვის მეტი დრო ექნება და ასევე მეტი დრო ექნება იმისთვის, რომ ფიზიკურად უფრო ხშირად იყოს თავის აკადემიაში.
დღეს უკვე ახალი მოკავშირეც ჰყავს, ვინც გვერდით მაშინაც დაუდგება, როცა ზაზა აქტიურ სპორტში აღარ იქნება – “გალფთან” ხანგრძლივ და თანამიმდევრულ თანამშრომლობას გეგმავს. მით უმეტეს, რომ “გალფის” მიერ სპორტის მხარდაჭერის დადებითი მაგალითები უკვე აქვს. “ჩვენ გვაერთიანებს ენერგია” – ამ გზავნილით კომპანია “გალფი” საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორია. “გალფი” საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” გენერალური სპონსორიც არის. ამ ჩამონათვალს უკვე ზაზასთან და მის აკადემიასთან თანამშრომლობაც ემატება.
საბოლოო ჯამში, ეს მაინც ბიზნესგადაწყვეტილებაა, რომელიც ორივე მხარემ მიიღო. ამიტომ ამ საქმეშიც ზაზა ორივე მხარისთვის მხოლოდ მოგებას ელოდება.
#NBAVote Zaza Pachulia – ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ კამპანიას და ზაზას უპრეცედენტო მხარდაჭერას რომ ვიხსენებ, არა მგონია, ეს გაუჭირდეს.
დატოვე კომენტარი