შოტლანდიის ყოფილი პრემიერი ფინანსური გამოძიების ფარგლებში დააკავეს

შოტლანდიის ყოფილი პრემიერი ფინანსური გამოძიების ფარგლებში დააკავეს

შოტლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლა სტარჯონი, შოტლანდიის ეროვნული პარტიის (SNP) ფინანსური დარღვევების გამოძიების ფარგლებში დააკავეს. SNP-ის ყოფილი ლიდერი რამდენიმე საათში, ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.

სტარჯონის დაკავება პარტიის დაფინანსების საკითხს შეეხება. კერძოდ, შოტლანდიის პოლიცია იკვლევს, თუ რა ბედი ეწია 2017 წელს, შოტლანდიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერების მიერ პარტიისთვის შეგროვებულ 600,000 გირვანქა სტერლინგს ($714,140). გათავისუფლების შემდგომ გაკეთებულ განცხადებაში, სტარჯონმა მის დაკავებას დამამცირებელი და შოკისმომგვრელი უწოდა, ხაზი გაუსვა თავის უდანაშაულობას და დასძინა, რომ არასდროს ჩაიდენს რაიმეს, რაც ზიანს მიაყენებს მისი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებს.

ცნობისთვის, სტარჯონის შემთხვევა გამოძიების ფარგლებში უკვე მესამე დაკავებაა. აპრილში, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შოტლანდიის პოლიციამ პრემიერის მეუღლე და SNP-ის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ მურელი და პარტიის ხაზინის მმართველი, კოლინ ბოტი დააკავა. ორივე მათგანი გამოძიების მიმდინარეობამდე ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. როგორც სტარჯონი, ასევე მურელი და ბოტი, პარტიის ანგარიშებზე ხელმომწერებს შორის არიან.

ნიკოლა სტარჯონის ბოლო გამოჩენა პრემიერის რანგში შოტლანდიის პარლამენტში, მარტის თვეში შედგა – ერთი თვით ადრე, სანამ ქვეყნის პირველი მინისტრი პენსიაზე გასვლას დააანონსებდა. თანამდებობიდან გადადგომის გარდა, სტარჯონმა შოტლანდიის ეროვნული პარტიის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.