UBS-მა Credit Suisse-ის შესყიდვის პროცედურა დაასრულა

UBS-მა Credit Suisse-ის შესყიდვის პროცედურა დაასრულა

შვეიცარიული ბანკის, UBS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ ადგილობრივი კონკურენტის, Credit Suisse-ის შესყიდვის პროცედურა საბოლოოდ დაასრულა. UBS-ის მმართველი მენეჯმენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოწვევებთან ერთად ეს შესყიდვა მომხმარებლების, პარტნიორების, თანამშრომლების, აქციონერების, შვეიცარიისა და თავად ბანკისათვის ბევრ შესაძლებლობას ბადებს.

UBS-ის მიერ Credit Suisse-ის შესყიდვის შემდეგ, შვეიცარიული ბანკის აქტივები 5 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზრდება, რაც მას ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოთამაშედ აქცევს. 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ, ეს აღნიშნულ სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი შესყიდვაა. გარიგების დადების შემდეგ Credit Suisse-ის 167-წლიანი ისტორია საბოლოოდ დასრულდა.

ორივე ბანკი მსოფლიო მასშტაბით ჯამში 120,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს. თუმცა, UBS-ის განცხადებით, ის ხარჯების შესამცირებლად თანამშრომლების გარკვეულ ნაწილს დაითხოვს. საინტერესოა, რომ UBS-ს შესყიდული ბანკის მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ UBS-მა გაკოტრებული შვეიცარიული ბანკის 3.32 მილიარდ აშშ დოლარად შესყიდვის გადაწყვეტილება 19 მარტს გამოაცხადა. Credit Suisse-ი ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი პრობლემის წინაშე დადგა, რის გამოც ბანკს უდიდესი რეპუტაციული ზიანიც მიადგა. აღნიშნულმა ბანკმა რამდენიმე კვირის წინ მრავალწლიანი სასამართლო დავა ქართველ მილიარდერთან და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთანაც წააგო.