United Airlines-ი პილოტებისთვის $8-მილიარდიან შეთავაზებაზე მუშაობს

United Airlines-ი პილოტებისთვის $8-მილიარდიან შეთავაზებაზე მუშაობს

United Airlines Holdings-ი კომპანიის პილოტებისთვის შესათავაზებელ ახალ კონტრაქტზე მუშაობს, რომელიც დასაქმებულთათვის ანაზღაურებისა და სხვადასხვა ბენეფიტის კოლოსალურ ზრდას უზრუნველყოფს. ამერიკული ავიაკომპანიის შეთავაზების საერთო მოცულობა $8 მილიარდს აღემატება და, დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა ყველაზე ძვირად ღირებული შრომითი ხელშეკრულება გახდეს.

ახალი სამუშაო კონტრაქტების შეთანხმებისას, ამერიკელი პილოტები დამსაქმებლებისგან ანაზღაურების ზრდასა და უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვენ. ავიაკომპანიებზე ზეწოლა განსაკუთრებით Delta Air Lines-ის გადაწყვეტილების შემდგომ გაძლიერდა, რომელმაც მარტში პილოტებისთვის განახლებული კონტრაქტების გეგმა წარადგინა. პილოტებისთვის გაზრდილი ანაზღაურებისა და დამატებითი ბენეფიტების შეთავაზება Delta-ს $7 მილიარდი დაუჯდება.

ოფიციალური შეთანხმების მისაღწევად, United Airlines-ის აღმასრულებელი დირექტორის, სკოტ კირბის ინფორმაციით, კომპანიის პილოტთა კავშირთან მოლაპარაკებები ყოველკვირეულად მიმდინარეობს. ამ თვის დასაწყისში კავშირმა გაფიცვისთვის ხმის მიცემის ავტორიზებას დაუჭირა მხარი – ვაჭრობის ტაქტიკას, რომელსაც პროფკავშირები კონტრაქტზე მოლაპარაკებების პროცესში იყენებდნენ.

კირბის შეთავაზების დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ United-ის გეგმა ამ მიმართულებით, მისი ორი მთავარი კონკურენტის მიერ ბოლოს შეთანხმებული გარიგებების მოცულობას აღემატება. პარალელურად, შუადღის ვაჭრობაში, United Airlines-ის აქციები 3.5%-ით გაიზარდა და ბაზრის უფრო დიდი წილიც დაიკავა.