სუფსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან შესაძლოა რკინიგზა მივიდეს

სუფსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან შესაძლოა რკინიგზა მივიდეს

სუფსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1,5 მილიარდი დოლარიდან 2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. პროექტს ქართულ-ირანული კომპანია Geopars ახორციელებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ქარხანამდე შესაძლოა რკინიგზა მივიდეს, რისთვისაც ამ ეტაპზე საქართველოს რკინიგზასთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამასთან, გაიზარდა კომპანიისთვის გადაცემული მიწის მოცულობაც, – მთავრობამ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის დამატებით 65 ჰა მიწის ნაკვეთი გადასცა.

Geopars-ში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პროექტის მართვასთან დაკავშირებით ტენდერია გამოცხადებული, რომელიც 1 თვის ვადაში დასრულდება.

“პროექტს დაემატა მას საწარმოო ციკლები, ნავთობქიმია გაიზარდა დაახლოებით 40%-ით. გამოშვებული პროდუქციის შესყიდვაზე მოლაპარაკებები მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან მიმდინარეობს.

ჩვენ გვაქვს დასტური ირანის ნავთობის სამინისტროსგან რომ სუფსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 5 მილიონი ტონა პროდუქცია მოგვაწოდოს ყოველწლიურად”, – აცხადებენ კომპანიაში. რაც შეეხება გადამუშავებული პროდუქციის ტრანსპორტირებას, პირდაპირი მიწოდების გარდა განიხილება მისი გაცვლაც.

პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, პეტროქიმიის საწარმო და ლოგისტიკური ცენტრი. საწარმოს მშენებლობისთვის უახლოეს მომავალში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *