ლიბანის პარლამენტმა პრეზიდენტი ვერც მე-12 მცდელობისას აირჩია

ლიბანის პარლამენტმა პრეზიდენტი ვერც მე-12 მცდელობისას აირჩია

უკვე მე-12 მცდელობაა, რაც ლიბანის პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტს ვერ ირჩევს. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშელ აუნმა დაკავებული თანამდებობა გასული წლის ოქტომბერში დატოვა, მას შემდეგ კი ახალი პრეზიდენტის არჩევის ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ლიბანის პარლამენტის წევრები აზრთა სხვადასხვაობის გამო პროცესის დასასრულებლად საჭირო მინიმალურ ზღვარს ვერ ავსებენ, პოლიტიკური არასტაბილურობის გამო კი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

ამჯერად ლიბანის პარლამენტს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ჰყავდა. ერთი ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენელი ჯიჰად აზური გახლავთ. მეორე კი პარტია Marada-ს ლიდერი, სულეიმან ფრანჟიეა, რომლის ოჯახიც პოლიტიკით დიდი ხანია, დაინტერესებულია.

წინა 11 შემთხვევის მსგავსად, კვორუმი ჰეზბოლას ალიანსის მიერ ხმის მიცემის ბოიკოტირების გამო არ შედგა. ჰეზბოლას პარტია ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს. მათი მხარდაჭერილი კანდიდატი სულეიმან ფრანჟიე კი ქრისტიანთა საზოგადოებაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. ცნობისათვის, ლიბანის ძალის განაწილების სისტემაში პრეზიდენტობის კანდიდატი ქრისტიანი უნდა იყოს. ლიბანის პარლამენტის ქრისტიანული პარტიების უმრავლესობა კი მხარს მეორე კანდიდატს, ჯიჰად აზურს უჭერს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა 128 შესაძლო ხმიდან 86 ანუ 2/3 უნდა მიიღოს, რათა კვორუმი შედგეს. ჯიჰად აზურმა პირველი მოსმენით მეტოქეზე მეტი – 59 ხმა მიიღო, თუმცა დადგენილი ზღვარი ვერ გადალახა.

ლიბანის პოლიტიკური სისტემა 1943 წლის ეროვნულ პაქტს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მარონიტი ქრისტიანი უნდა იყოს, პრემიერ-მინისტრი – სუნიტი მუსლიმი, პარლამენტის თავმჯდომარე კი – შიიტი მუსლიმი.