Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდება

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდება

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეიტსი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინს შეხვდება. საინტერესოა, რომ აღნიშნული შეხვედრა ბოლო წლებში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის უცხოელ კერძო მეწარმეებთან შეხვედრის პირველი შემთხვევა იქნება.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და განმარტავს, რომ საკითხთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, შეხვედრა დახურული იქნება და პირისპირ ფორმატში წარიმართება. თუმცა რა საკითხებზე იმსჯელებენ ბილ გეიტსი და სი ძინპინი, უცნობია.

ბილ გეიტსმა პეკინში ჩაფრენის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა. მან ასევე დასძინა, რომ ჩინეთში 2019 წლის შემდეგ არ ყოფილა და ქვეყანაში გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებზე სასაუბროდ უცხოელ პარტნიორებს „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის“ ეგიდით შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ბილ გეიტსმა Microsoft-ის სამეთვალყურეო საბჭო 2020 წელს დატოვა და მას შემდეგ ფილანთროპიულ საქმიანობაზე გადაერთო. ბილ გეიტსი აქტიურად ადვოკატირებს გლობალურ ჯანდაცვასთან, განათლებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამერიკელმა მილიარდერმა Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2008 წელს დატოვა.

ბოლოს ბილ გეიტსი და სი ძინპინი ერთმანეთს 2015 წელს შეხვდნენ. კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ სი ძინპინი უცხოეულ ბიზნესმენებთან, მეწარმეებთან და აღმასრულებლებთან შეხვედრისაგან თავს იკავებდა. ცოტა ხნის წინ ჩინეთში ჩასული Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკიც მხოლოდ პრემიერსა და ვიცე-პრემიერს შეხვდნენ.