ახალი სტრატეგიის წარდგენის შემდეგ Toyota-ს აქციების ფასმა 11 თვის მაქსიმუმს მიაღწია

ახალი სტრატეგიის წარდგენის შემდეგ Toyota-ს აქციების ფასმა 11 თვის მაქსიმუმს მიაღწია

ახალი თაობის ელექტრომობილების შესახებ განახლებული სტრატეგიის წარდგენის შემდეგ, იაპონური ავტომწარმოებლის, Toyota-ს აქციების ფასი საგრძნობლად გაიზარდა და 11 თვის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. Toyota Motor Corp-ის აქციების ფასი გასულ კვირას 1.75%-ით 168.44 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, კომპანიას 2009 წლის შემდეგ ფასების მატების საუკეთესო კვირა ჰქონდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასები 13%-ით გაიზარდა.

ეს შედეგი კი კომპანიის მიერ წარდგენილი ახალი სტრატეგიის დამსახურებაა, რომლის მიხედვითაც Toyota-ს შემდეგი თაობის ელექტრომობილებს ერთი დამუხტვით 1000 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეეძლებათ და სწრაფი დამუხტვის ფუნქციით იქნებიან აღჭურვილნი. გარდა აღნიშნულისა, კომპანია 2025 წლისთვის ელექტრომობილების $50 მილიონის ღირებულების საწარმოს გახსნას გეგმავს.

Toyota-ს განცხადებით, ახალი თაობის ელექტრომობილებს, რომლებიც გეგმის მიხედვით 2026 წლიდან იწარმოება, მყარი სახის ელემენტები ექნება და ამჟამად არსებულ ლითიუმ-იონის ელემენტებზე უფრო დაბალდანახარჯიანი იქნება.

მოგეხსენებათ, ინვესტორები, აქციონერები თუ მომხმარებლები Toyota-ს ელექტრიფიკაციის პროცესის ზანტად მიმდინარეობაში ადანაშაულებდნენ და მენეჯმენტისაგან უფრო აგრესიულ მიდგომას ითხოვდნენ. Toyota ერთ-ერთი ბოლო ავტომწარმოებელი გახლდათ, რომელმაც ბაზარზე საკუთარი საწარმოო ხაზის პირველი ელექტრომობილი წარადგინა. თუმცა, როგორც ჩანს, Toyota ელექტრომობილების ინდუსტრიაში დაწინაურებისათვის რბოლაში სრული სვლით ჩაერთო. მიუხედავად ამისა, სწორედ Toyota გახლდათ ერთ-ერთი პირველი ავტომწარმოებელი, რომელმაც 1997 წელს ინდუსტრიაში პირველი ჰიბრიდული მოდელი, Prius-ი შემოიყვანა.