რა არის სუბსიდია?

რა არის სუბსიდია?

სუბსიდია (ინგლისურად Subsidy) არის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარების გაცემა. შესაძლოა, დახმარება ნატურალური სახით ან სხვა ფორმით იყოს გაწეული, მთავარია, რომ ის ცალმხრივია და დახმარების მიმღები მთავრობასთან ვალში არ რჩება. სუბსიდიებს გასცემენ როგორც ქვეყნის ცენტრალური მთავრობები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებები.

როცა სუბსიდიას მოსახლეობა იღებს, ის ძირითადად სოციალური გარემოთი არის განპირობებული. ასეთია: სურსათის ფასების სუბსიდირება, სოციალური დახმარება, მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების დაფარვა, დევნილების დახმარება და ა.შ. თუმცა ხშირია, როცა ქვეყნის ბიუჯეტიდან სუბსიდიას ბიზნესი ანუ საწარმოები იღებენ. ამ მხრივ ყველაზე გავრცელებული დამწყები ბიზნესისთვის და ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეული დახმარებაა. სახელმწიფო ზოგჯერ საწარმოების სუბსიდირებას იმ მიზნით მიმართავს, რომ სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება არ გაძვირდეს. სუბსიდირების დროს მთავრობა გრანტს აძლევს კომპანიებს, ან სესხის პროცენტს უფარავს, ან რესურსებს აწვდის უფასოდ და ა.შ.