გიორგი დანელიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტი დატოვა

გიორგი დანელიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტი დატოვა

გიორგი დანელიამ საპენსიო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ინფორმაცია სოციალურ ქსელ linkedIn-ში გაავრცელა.

„საპენსიო რეფორმა ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს, როგორც ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, ასევე საფუძველი უნდა დაუდოს მოქალაქეთა სოციალურ უსაფრთხოებას.

ვამაყობ, რომ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი საპენსიო სააგენტოს გუნდთან ერთად, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ დიდი სამუშაოს განხორციელება.

ცხადია, რომ ისევე როგორც ყველა მნიშვნელოვან საქმეს, საპენსიო რეფორმასაც უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე სირთულე და გამოწვევა ახლდა თან. მაგრამ ჩვენმა გუნდმა ამ პერიოდში არა მხოლოდ დაძლია ყველა ეს სირთულე, არამედ ასევე განახორციელა არაერთი საიმედო ინვესტიცია და სქემის მონაწილეებს მოუტანა 500 მილიონ ლარზე მეტი მოგება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, გიორგი დანელიამ სააგენტოს მიერ დანერგილ სიახლეებსა და სერვისების გაუმჯობესებასაც გაუსვა ხაზი.

„მიმაჩნია, რომ საპენსიო ფონდში ჩემი მისია დასრულებულია. უწყება უკვე ჩამოყალიბდა ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტად, რომელიც ღირსეულ როლს ითამაშებს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში და რომელსაც (დარწმუნებული ვარ) კარგად გაუძღვებიან ჩემი შემცვლელები.

ამ ეტაპზე, მე ვინაცვლებ კერძო სექტორში, კონკრეტულად კი საბანკო სფეროში და იქიდან ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში“, – აღნიშნა მან.

განცხადების ბოლოს გიორგი დანელიამ მადლობა გადაუხადა საპენსიო სააგენტოს გუნდს, რეფორმებში ჩართულ ყველა ადამიანს, მის სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოებს, მედიას, პარტნიორებს და სხვადასხვა ორგანიზაციას.

ცნობისთვის, გიორგი დანელია საპენსიოს სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის პოსტს 2020 წლის დეკემბრიდან იკავებდა.