წაგების გადასახადი – 3772

წაგების გადასახადი – 3772

რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულმა რედაქტორის სვეტმა “წაგების გადასახადი“ გულისწყრომა გამოიწვია. ოპონენტები მკიცხავდნენ “ესტონური მოდელისა“ და მოგების გადასახადის კრიტიკის გამო. რაღაც მომენტში დავფიქრდი, რამდენად გასაგებად გადავეცი აზრი. რომ პრობლემა არა მოგების გადასახადის შემოღებასა და მის მაშინდელ გადავადებაში იყო, არამედ ფასში, რასაც მასში “გადავიხდიდით” ჩვენ, გადასახადის გადამხდელები.

ისე აგიხდეთ ყველაფერი ამ ახალ წელს.

გაუგებარი დარჩა, რა თანხები რჩებოდა ან რჩება ბიზნესში. ბევრი რესპონდენტი მთავრობიდან და მსხვილი ბიზნესიდან ლავირებდა 300 და 800 მილიონს ლარს შორის – მიუთითებდნენ დაზოგილ თანხებზე მოგების გადასახადის რეინვესტირების სანაცვლოდ. ცხადზე უცხადესი იყო, რომ ნებისმიერი თანხა დასაბალანსებელი იქნებოდა ალტერნატიული შემოსავლებით ან/და სწრაფად პროგრესირებადი ეკონომიკური ზრდით.

მოსახდენი მოხდა: გადასახადებმა მოიმატა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო მიმართულებით. მთავრობის წარმომადგენლები ამას მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების აუცილებლობით ხსნიან. კეთილი და პატიოსანი. თუმცა, მაშინ რა მოხდა დეკემბერში, როცა კაპიტალური დანახარჯები, ფაქტობრივად, მინიმალური იყო და რაც მთავარია, დეკემბერში საბიუჯეტო დეფიციტი ისტორიულ 6-წლიან მინიმუმზეა. სულ ესაა, რასაც Forbes-ი ამბობდა თავის დროზე რედაქტორის თუ საავტორო სვეტებში. აღარაფერს ვამბობ ჩვენს სატელევიზიო გადაცემებზე, სადაც რამდენჯერმე გავაჟღერეთ ეს ვარაუდი.

ვფიქრობ, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დასაბალანსებლად მიღებული გადაწყვეტილებების გამო მოგების გადასახადის რეფორმა სრულად დევალვირდა. ამიტომაც ეს გადასახადი არა მოგების, არამედ წაგების გადასახადი გახდა.

“წაგების გადასახადის“ ნაწილი, იმედია, გასაგებად ავხსენი. და რატომ 3772? – ახლავე: სვეტის წერის პარალელურად, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის ზოგიერთ წევრს საქმე მოაკლდა და ეკონომიკური თავისუფლების აქტს მიადგა, როგორც ეკონომიკური განვითარებისა და მთავრობის მობილური მოქმედების შემაფერხებელ კანონმდებლობას. უკიდურესად სამწუხაროა, რომ სოციალ-დემოკრატი გია ჟორჟოლიანი და პარლამენტართა ნაწილი იზიარებს მოსაზრებას კანონის გაუქმების შესახებ, რათა მთავრობამ და ზოგადად ხელისუფლებამ უფრო მეტად და თავისუფლად შეძლონ გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ორციფრიანი ნიშნულის მისაღწევად.

აქ ალბათ “ევრიკას“ წამოძახებაა საჭირო – როგორც იქნა, აღმოვაჩინეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის “შემაფერხებელი” ფაქტორიც: მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა ეკუთვნის სოციალ-დემოკრატებს, მთავრობამ იმავე საღამოს უპასუხა, რომ არ გეგმავს ამ საკონსტიტუციო ნორმების გადახედვას და არც ეკონომიკური თავისუფლების აქტის შეცვლას გეგმავს, გარდა შესაძლო ცვლილებისა საპენსიო შენატანთან დაკავშირებით, რათა ეს ახალ გადასახადად არ ჩაითვალოს.

ორნიშნა ეკონომიკური ზრდის საყოველთაო, გამძაფრებული მოთხოვნის ფონზე კი ჩემი ჯერი დადგა, მოგიყვეთ კიდევ ერთი ბიჭის “ისტორია”. სხვათა შორის, სწორედ ეს ბიჭი გახლდათ კახა ბენდუქიძის ცნობილი სვეტის რედაქტორი, რომელმაც საკმაოდ ხატოვნად წარმოადგინა ჟურნალ “ტაბულაში“ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები. დღეს ეს ბიჭი არის Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი, ტელეპროექტ “საქმიანი დილის” თანაწამყვანი, სადაც რამდენიმე რუბრიკის ავტორია და მათგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია “დღის რიცხვი”. სწორედ “დღის რიცხვი“ გამოდგა ამ წერილის ინსპირაციად.

ორიოდე კვირის წინ ჩვენი “დღის რიცხვი“ და ალბათ მთელი 2017 წლისაც – 3772 იყო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე გამოთვლილი მშპ-ის მოსალოდნელი მაჩვენებელი 2016 წლისთვის 3772 დოლარს შეადგენს. ზრდის ტემპი 2012-2016 წლებში შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა წინა წლებთან შედარებით ნელა იზრდება.

შევადაროთ ჩვენი ზრდის ტემპი ევროკავშირის მაჩვენებლებს და გამოვითვალოთ, როდის დავეწევით ზრდის ამ ტემპით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, 2016 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბულგარეთია. მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7 091 დოლარს შეადგენს.

თუკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2016 წლის მაჩვენებელზე, 2.7%-ზე დარჩება ან თუნდაც 3%-ს გაუტოლდება, ქვეყანა ბულგარეთს ვერასდროს დაეწევა, რადგან ბულგარეთიც 3%-ით იზრდება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ეკონომიკური ზრდა 3.5%-იან ნიშნულს მიაღწევს, საქართველოს 131 წელი დასჭირდება, რათა გაუტოლდეს და გაასწროს ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით. ხოლო თუკი ეკონომიკური ზრდა 4% იქნება, როგორც ეს ჩვენი მთავრობის ოპტიმისტურ გეგმაშია 2017 წლისთვის, მაშინ 66 წელიწადი დაგვჭირდება, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას რომ დავეწიოთ.

თუ 2017 წლის ოპტიმისტური პროგნოზი საქართველოსთვის გამართლდა, ხოლო ევროკავშირის ყველა ქვეყანა ისევე განვითარდა, როგორც წელს, მაშინ პირველად საბერძნეთს დავეწევით – 41 წელიწადში, მერე პორტუგალიასა და ხორვატიას, ასე, 57 წელიწადში, მერე ბულგარეთსა და იტალიას, 66-67 წელიწადში. ფინეთს 81 წელში დავეწევით, ჩეხეთს საუკუნესა და 9 წელიწადში. შვედეთს კი ასე ექვს საუკუნე-ნახევარში, უფრო ზუსტად – 679 წელიწადში. ხოლო ირლანდიას ვერ დავეწევით ვერასოდეს. ვე-რა-სო-დეს. ამიტომ არის ჩვენი ოპტიმისტური 4%-იანი გეგმის შესრულებაც კი ძალიან ცოტა.

დავუშვათ, მონდომების შემთხვევაში, არც ისე ფანტასტიკური სცენარი, რომ საქართველოს აქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ყოველ მომდევნო წელს, ევროკავშირის ქვეყნებს კი იმდენივე პროცენტი, რამდენითაც წელს გაიზარდნენ. ამ შემთხვევაში ამჟამად ევროკავშირის უღარიბეს ბულგარეთს 10 წელიწადში დავეწევით, ერთ მოსახლეზე უმდიდრეს ლუქსემბურგს კი 55 წელიწადში. სწრაფად მზარდ ირლანდიას, რომელსაც 4%-იანი ზრდით ვერასოდეს დავეწეოდით – 64 წელიწადში. ფინეთს – 29 წელიწადში, ჩეხეთს უფრო ცოტა ხანში – 24 წელიწადში. ანუ ორნიშნა ზრდის პირობებში შანსი გვაქვს, ასე 20 წელიწადში საშუალო დასავლეთევროპულ ქვეყანაში ვიცხოვროთ. 2003 წელს ჩვენ 11,1%-იანი ზრდა გვქონდა, 2007 წელს რეკორდული 12.3%, 2005-06 წლებში ზრდა 10%-ს უახლოვდებოდა. ე.ი. შესაძლებელია.

ჯამში კი ყველაფერი გაცილებით მარტივია: ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს იმისთვის, რომ გვყავდეს მეტი გადასახადის გადამხდელი, გაიზარდოს ჩვენი შემოსავლები ანუ გავმდიდრდეთ. არც იმისთვის ვზრუნავთ, რომ მეტი გადასახადის გადამხდელი გვყავდეს და არა სახდელი ან თავად გადასახადები.

სრულიად გაუგებარი (ან შეიძლება გასაგებიც – უბრალოდ, მე ვერ შევეჩვიე) იყო ბიზნესის დუმილი. ეტყობა, ძველ სიბრძნეს მიჰყვებიან: “უმჯობესია დუმილით გადაიტანო წყენა, ვიდრე პასუხით აჯობო”.

ნეტარ არიან მორწმუნე კონფორმისტები… 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *