NYT: აშშ უკრაინაში კასეტურ ბომბებს გაგზავნის

NYT: აშშ უკრაინაში კასეტურ ბომბებს გაგზავნის

ამერიკული გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, დღეს აშშ უკრაინისთვის კასეტური ბომბების გადაცემას დააანონსებს. კასეტური ბომბი ისეთი სახის საბრძოლო მასალას წარმოადგენს, რომელიც მუდმივად განხილვის საგანია, მისი ზიანის ეფექტის გათვალისწინებით.

კასეტური შეიარაღების კოალიციის განმარტებით, მსგავსი საბრძოლო მასალა აფეთქებისას გარშემო ასობით მცირე ზომის ელემენტს ისვრის, რაც მის ზიანის ეფექტს საგრძნობლად ზრდის. ხშირია შემთხვევები, როდესაც კასეტური ბომბის დეტონაცია არ ხდება და ბომბი ამ მდგომარეობაში წლების განმავლობაში ინახება, მისი ამოქმედება კი ნებისმიერი სახის კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს. ამის გათვალისწინებით, კასეტური ბომბი სამოქალაქო პირებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. წითელი ჯვრის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, გაუმართაობის გამო 10%-დან 40%-მდე კასეტური ბომბის დეტონაცია არ ხდება.

კასეტური ბომბები აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მეორე მსოფლიო ომში, მოგვიანებით კი აშშ-ის მიერ ვიეტნამში, ავღანეთსა და ერაყში.

2008 წლის კასეტური საბრძოლო მასალის კონვენციის თანახმად, კასეტური საბრძოლო მასალის წარმოება, გამოყენება და შენახვა აიკრძალა და კონვენციას 108 ქვეყანა შეუერთდა. თუმცა, კონვენციას აშშ-მა, უკრაინამ და რუსეთმა ხელი არ მოაწერეს. მაშინ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განმარტა, რომ კასეტური ბომბი „ლეგიტიმური იარაღია მკაფიო სამხედრო დანიშნულებით.“

უკრაინული მხარე აშშ-ისაგან კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას უკვე დიდი ხანია ითხოვს. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაცია აღნიშნულისაგან თავს იკავებდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა შეხედულება შეიცვალა.