EIU: ქვეყნები, რომლებსაც ტაივანის პოტენციური კონფლიქტი ყველაზე მეტად დააზარალებთ

EIU: ქვეყნები, რომლებსაც ტაივანის პოტენციური კონფლიქტი ყველაზე მეტად დააზარალებთ

Economist Intelligence Unit-ის მოხსენების თანახმად, ტაივანსა და ჩინეთს შორის კონფლიქტის შემთხვევაში ყველაზე მეტად სამი ქვეყანა, იაპონია, სამხრეთი კორეა და ფილიპინები დაზარალდება. EIU დაპირისპირებას როგორც „სრულმასშტაბიანი კონფლიქტის სცენარს“ განიხილავს, რომელიც ჩინეთის, ტაივანისა და აშშ-ის უშუალო სამხედრო ჩართულობას ითვალისწინებს და ჩინეთის მხრიდან შესაძლო ესკალაციას ეფუძნება.

მიუხედავად ამისა, EIU ჩინეთის მხრიდან ტაივანზე პირდაპირი სამხედრო თავდასხმის რისკს „ძალიან ნაკლებად სავარაუდოდ“ აფასებს. თუმცა, კონფლიქტის შემთხვევაში, ვარაუდობს, რომ ყველაზე დაუცველი სწორედ იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ფილიპინების ეკონომიკები იქნება. ამის მიზეზი, ტაივანის სრუტესთან სიახლოვისა და ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გარდა, სახელმწიფოების ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობაცაა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ფილიპინების ტერიტორიაზე აშშ-ის ბაზებია განთავსებული, რაც ამძაფრებს მათ დაუცველობას ჩინეთის პრევენციული თავდასხმების მიმართ. „ჩვენი პროგნოზით, აშშ-ის მონაწილეობა უსაფრთხოების რეგიონულ ალიანსებს გაააქტიურებს, რასაც პირდაპირი გავლენა ექნება ავსტრალიაზე, იაპონიაზე, ახალ ზელანდიაზე, ფილიპინებსა და სამხრეთ კორეაზე (ისევე, როგორც სხვა ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის ბაზებია განლაგებული, მათ შორის ტაილანდსა და სინგაპურზე).

ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, EIU, კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, დამატებით რამდენიმე „სერიოზულად დაუცველ ბაზარსაც“ ასახელებს, ესენია: ავსტრალია, მალაიზია, ტაილანდი და ვიეტნამი. რაც შეეხება ჰონგკონგს, მისი ფიზიკურად განადგურების შანსი ნაკლებია, თუმცა სამხედრო ქმედებების დაწყების შემთხვევაში, ჩინეთისთვის დაწესებული სავარაუდო ეკონომიკური, საინვესტიციო და ფინანსური აკრძალვები ადმინისტრაციულ რეგიონზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

რაც შეეხება ავსტრალიას, მალაიზიას, ტაილანდსა და ვიეტნამს, EIU-ის შეფასებით, მათთვის პოტენციურ რისკს პირველ რიგში სწორედ ჩინეთთან სავაჭრო კავშირები განაპირობებს, ასევე ამ ქვეყნების დამოკიდებულება ტაივანის ნახევარგამტარებზე და გლობალური სავაჭრო ნაკადების მნიშვნელობა ადგილობრივი ეკონომიკებისთვის.

მალაიზია და ვიეტნამი კი, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაპირისპირების დაწყების შემთხვევაში, ჩინეთთან პოტენციური კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდებიან. ორივე ქვეყანას ზღვაში ჩინეთთან სადავო ტერიტორიები აქვს. პარალელურად კი, EIU-ის პროგნოზით, კონფლიქტში ავსტრალიის როლიც გაზრდილი იქნება, რადგან ქვეყანა უფრო აქტიურადაა ჩართული რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში. გარდა ამისა, ავსტრალიასა და ჩინეთს შორის ბოლო პერიოდში სავაჭრო ურთიერთობებიც დაიძაბა მას შემდეგ, რაც კანბერამ პეკინის მიერ კორონავირუსის შესაკავებლად განხორციელებულ ღონისძიებებზე საერთაშორისო გამოძიებას მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი თვითმმართველ ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად და მის შემადგენელ ტერიტორიად განიხილავს. ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი „მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივისკენ მიისწრაფვის“, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს. თავის მხრივ, ტაივანი 1949 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ, თავს ჩინეთისგან დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ აცხადებს. ქვეყნებს შორის დაძაბულობა ბოლო პერიოდში, კუნძულზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსების ვიზიტის შემდეგაც გამძაფრდა.