რომელი ქვეყნები ყიდულობენ კვლავ რუსეთის წიაღისეულ საწვავს?

რომელი ქვეყნები ყიდულობენ კვლავ რუსეთის წიაღისეულ საწვავს?

2022 წლის პიკის შემდეგ, წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან რუსეთის მიერ მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ქვეყანათა ნაწილი რუსეთიდან ნედლ ნავთობსა და ბუნებრივ აირს კვლავ აქტიურად ყიდულობს. შედეგად, რუსული წიაღისეული საწვავის დღიური იმპორტის ღირებულება, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც, მილიონობით დოლარს აღწევს.

ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრის (CREA) მონაცემებით, რუსული წიაღისეული საწვავის მთავარი შემსყიდველი კვლავ ჩინეთია. 2023 წლის 16 ივნისის მდგომარეობით, იმპორტირებული რუსული საწვავის ღირებულებამ დაახლოებით $30 მილიარდი შეადგინა. ჩინეთში იმპორტის დიდი ნაწილი ნედლ ნავთობზე მოდის, მცირე წილებს კი ბუნებრივი აირი და ქვანახშირი ინაწილებენ. აღსანიშნავია, რომ ძირითადად რუსულ ნედლ ნავთობზე ფასების ვარდნის გამო, ჩინეთში იმპორტიდან რუსეთის მიერ მიღებული საშუალო დღიური შემოსავალი, გასული წლის $210 მილიონიდან, $178 მილიონამდეა შემცირებული.

ჩინეთს კი, რეიტინგის მეორე ადგილით, ევროკავშირი მოჰყვება, რომელმაც 2022 წლის აგვისტოდან, რუსული ქვანახშირის იმპორტზე აკრძალვა დააწესა. მიმდინარე წელს, ევროკავშირში ექსპორტირებული წიაღისეული საწვავიდან რუსეთის მიერ მიღებული შემოსავალი 90%-ზე მეტით შემცირდა. მიუხედავად ამისა, 2023 წელს ბლოკმა საკმაოდ სოლიდური, $18 მილიარდის რუსული ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა. ევროკავშირის იმპორტირებული საწვავიდან დიდი წილი ($11.2 მილიარდი) ნედლ ნავთობზე მოდის.

ჩინეთისა და ევროკავშირის შემდეგ რუსული წიაღისეული საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი ინდოეთია. რუსეთის მხრიდან ნავთობის დაბალ ფასად შეთავაზებამ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ინდოეთის წიაღისეული საწვავის იმპორტი 10-ჯერ გაზარდა. კიდევ ერთი ქვეყანა კი, რომელმაც 2023 წელს რუსეთიდან $10 მილიარდზე მეტის ღირებულების წიაღისეული საწვავის იმპორტი განახორციელა, თურქეთია. რეიტინგის ყველა სხვა წარმომადგენლის მიერ იმპორტირებული რუსული წიაღისეული საწვავის ღირებულებამ, $3 მილიარდზე ნაკლები შეადგინა.

როგორც ცნობილია, რუსეთი ნავთობის დღიური ექსპორტის მოცულობაზე დაწესებული შეზღუდვების (500,000 ბარელი დღეში) გაგრძელებას კვლავ აპირებს. რუსეთთან ერთად, აგვისტოს ბოლომდე, დღიური ექსპორტის 1 მილიონ ბარელამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო საუდის არაბეთმაც. პრინც აბდულაზიზ ბინ სალმანის განცხადებით, ქვეყანა სოლიდარულია რუსეთის მიმართ და ყველაფერს გააკეთებს ნავთობის ბაზრის გასაძლიერებლად.

თუმცა, OPEC-ისა და OPEC+-ის ქვეყნების გეგმას, რომლის საბოლოო მიზანიც ნედლ ნავთობზე ფასების ზრდაა, ხელს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან წარმოების ზრდა უშლის. EIA-ის პროგნოზით, 2023 წელს, აშშ-ის დღიური წარმოება 12.6 მილიონ ბარელს მიაღწევს.

2023 წლის 1 იანვრიდან, 16 ივნისის ჩათვლით, რუსული წიაღისეული საწვავის უმსხვილესი იმპორტიორების ათეული:

  1. ჩინეთი – $30 მილიარდი (ნედლი ნავთობი: $23.9 მილიარდი, ბუნებრივი აირი: $2.7 მილიარდი, ქვანახშირი: $3.3 მილიარდი)
  2. ევროკავშირი – $18.4 მილიარდი (ნედლი ნავთობი: $11.2 მილიარდი, ბუნებრივი აირი: $7.2 მილიარდი)
  3. ინდოეთი – $15.2 მილიარდი (ნედლი ნავთობი: $12.8 მილიარდი, ქვანახშირი: $2.5 მილიარდი)
  4. თურქეთი – $12.1 მილიარდი (ნედლი ნავთობი: $7.3 მილიარდი, ბუნებრივი აირი: $3 მილიარდი, ქვანახშირი: $1.7მილიარდი)
  5. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $2.3 მილიარდი (ნედლი ნავთობი: $2.3 მილიარდი)
  6. სამხრეთი კორეა – $2.1 მილიარდი (ნედლი ნავთობი: $0.6 მილიარდი, ბუნებრივი აირი: $0.3 მილიარდი, ქვანახშირი: $1.2 მილიარდი)
  7. სლოვაკეთი – $2 მილიარდი (ნედლი ნავთობი: $1.1 მილიარდი, ბუნებრივი აირი: $0.9 მილიარდი)
  8. უნგრეთი – $1.9 მილიარდი (ნედლი ნავთობი: $0.8 მილიარდი, ბუნებრივი აირი: $1.1 მილიარდი)
  9. ბელგია – $1.9 მილიარდი (ნედლი ნავთობი: $0.5 მილიარდი, ბუნებრივი აირი: $1.4 მილიარდი)
  10. იაპონია – $1.8 მილიარდი ( ბუნებრივი აირი: $1.5 მილიარდი, ქვანახშირი: $0.3 მილიარდი)