ივნისში ChatGPT-ის მომხმარებელთა რაოდენობა პირველად შემცირდა

ივნისში ChatGPT-ის მომხმარებელთა რაოდენობა პირველად შემცირდა

გასული წლის ბოლოსა და 2023 წლის დასაწყისში, პოპულარობის სწრაფი ზრდის შემდეგ, ChatGPT-ის მომხმარებელთა რაოდენობა პირველად ივნისში შემცირდა. ანალიტიკური ფირმა Similarweb-ის მონაცემებით, გასულ თვეში ჩატბოტის მობილური და დეკსტოპ-ტრაფიკი გლობალურად 9.7%-ით დაეცა.

Similarweb-ის მონაცემების მსგავსად, აპლიკაციების ტრეკერ Sensor Tower-ის ინფორმაციით, ივნისში, თვის დასაწყისში დაფიქსირებული პიკის შემდეგ, iOS-ის სისტემის მომხმარებლების მხრიდან ChatGPT-ის ჩამოტვირთვებიც შემცირდა. ChatGPT-ის მიმართ ინტერესის შემცირება, როგორც ჩანს, ინდუსტრიის ტენდენციის ნაწილია. Similarweb-ის თანახმად, ბოლო თვეებში ვიზიტორთა რაოდენობამ იკლო Microsoft Bing-ის, Google Bard-ისა და Character.AI-ის ვებსაიტებზეც.

მაგალითისთვის, Microsoft-ზე ტრაფიკი თებერვალ-მარტის პერიოდში, Bing AI-ის საჯაროდ გამოსვლისას გაიზარდა. მას შემდეგ ყოველთვიური ტრაფიკი ვებსაიტზე სტაბილურად იკლებს და GPT-4-ის გაშვებამდე არსებულ მონაცემებს უბრუნდება. პარალელურად, Similarweb-ის მონაცემებით, 2023 წლის მაისისთვის მომხმარებლის მიერ ChatGPT-ის გამოყენების დრო 8.5%-ით შემცირდა.

ტრაფიკის ვარდნას კი The Post-ი უმეტესწილად სასწავლო წლის დასრულებას უკავშირებს, რადგან, დიდი ალბათობით, ნაშრომების შესასრულებლად ChatGPT-ს ბევრი მოსწავლე და სტუდენტი იყენებს. კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა, სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის Samsung-ის მიერ თანამშრომლებისთვის ChatGPT-ის გამოყენების აკრძალვა იყოს.