გამანადგურებლების შესაძენად ინდოეთი საფრანგეთთან €3-მილიარდიან შეთანხმებას გააფორმებს

გამანადგურებლების შესაძენად ინდოეთი საფრანგეთთან €3-მილიარდიან შეთანხმებას გააფორმებს

საზღვაო გამანადგურებლების შესაძენად ინდოეთი საფრანგეთთან €3 მილიარდის ღირებულების შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე კვირაში, ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდის საფრანგეთში ვიზიტისას მოეწერება.

ინდოეთის საზღვაო ძალები, ადგილობრივი წარმოების ავიამზიდ INS Vikrant-ზე გამოსაყენებლად დაახლოებით სამ ათეულ Rafale-Marine-ის გამანადგურებელს შეისყიდის. შეთანხმება მთავარი ნაწილია მოდის ორდღიანი ვიზიტის, რომლის ფარგლებშიც ინდოეთის პრემიერი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება და ბასტილიის დღის აღნიშვნასაც დაესწრება.

გარდა ამისა, ინდოეთის პრემიერის ვიზიტისას, ორი ქვეყნის ლიდერები გამანადგურებლებისთვის რეაქტიული ძრავების ერთობლივ წარმოებასაც განიხილავენ, რომელზეც ინდური მხარე უკვე მუშაობს. ცნობისთვის, ინდოეთი ბოლო პერიოდში აზია-წყნარ ოკეანეში ჩინეთის წინააღმდეგ დასავლეთის მთავარი საყრდენია. აღსანიშნავია, რომ ნიუ-დელიმ ინდოეთის საჰაერო ძალებისთვის Rafale-ის გამანადგურებელი თვითმფრინავები ბოლოს 2015 წელს, €7.9 მილიარდად შეისყიდა.

მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობების დაახლოებამ, მოდის საშუალება მისცა, რომ ინდოეთი, ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეებისთვის რეგიონში მთავარ პარტნიორად ექცია. გასულ თვეში ინდოეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვითი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც, თავის მხრივ, General Electric-თან პარტნიორობით, საბრძოლო თვითმფრინავებში გამოსაყენებელი F414-ის ძრავების წარმოებას ითვალისწინებს.

რუსეთი ტრადიციულად ინდოეთისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელია, თუმცა უკრაინაში ომისა და დაწესებული სანქციების გამო, ბოლო პერიოდში მიწოდება შენელდა. ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი ესკადრილია 18 ერთეული რუსული წარმოების MiG-29K-ის გამანადგურებლით არის აღჭურვილი.