Foxconn-მა ინდოეთში ჩიპების $19.5-მილიარდიან საწარმოში ინვესტირებაზე უარი თქვა

Foxconn-მა ინდოეთში ჩიპების $19.5-მილიარდიან საწარმოში ინვესტირებაზე უარი თქვა

ჩიპების ტაივანურმა მწარმოებელმა Foxconn-მა ინდოეთში 19.5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე უარი განაცხადა. შედეგად, კომპანიამ ინდურ კონგლომერატ Vedanta-სთან ერთად წამოწყებული ნახევარგამტარების საწარმოს განვითარების გეგმა ჩაშალა.

ცნობისთვის, Foxconn-ის აღნიშნული გადაწყვეტილება მძიმე დარტყმაა ინდოეთის ეკონომიკურ გეგმაზე, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ჩიპების წარმოების განვითარება სტრატეგიული ამოცანაა. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება რეპუტაციულად აზარალებს ქვეყნის პრემიერ ნარენდრა მოდის. სწორედ მის მშობლიურ შტატში იყო დაგეგმილი ახალი საწარმოს განვითარება.

გუჯარათის შტატში ნახევარგამტარების საწარმოს მშენებლობაზე შეთანხმება Foxconn-სა და Vedanta-ს შორის გასულ წელს გაფორმდა. საწარმოდან გასვლის შესახებ განცხადება კი ტაივანურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა 10 ივლისს გაავრცელა. განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზებზე არაფერია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ Foxconn-ი ყველაზე მეტად ცნობილია iPhone-ების და Apple-ის სხვა პროდუქტების წარმოებით. ამასთან, ბიზნესსაქმიანობის დივერსიფიცირების მიზნით, კომპანიამ ნახევარგამტარების წარმოების ხაზიც გააფართოვა.