Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს საქართველოს განათლების სექტორი 10.5%-ით გაიზარდა და 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა. განათლებაზე სახელმწიფო დანახარჯებმა კი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.7% შეადგინა. შედარებისთვის, ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 5%-ს უტოლდება.
კონკრეტულად კი, 2022 წელს ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი წლიურად 11.8%-ით გაიზარდა და 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა. Galt & Taggart-ის განცხადებით, ეს, დიდწილად, კერძო სექტორში ჩარიცხვებისა და სწავლის საფასური ზრდითაა განპირობებული.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების სექტორს, ამ შემთხვევაში გასულ წელს შემოსავალი 4.5%-ით გაიზარდა და 0.8 მილიარდი ლარი შეადგინა. Galt & Taggart-ის თქმით, მართალია, სტუდენტების უმეტესობა სახელმწიფო სექტორშია კონცენტრირებული, თუმცა კერძო სექტორის წილი მზარდია, რაც ძირითადად უცხოელი სტუდენტების რაოდენობის სწრაფი ზრდით არის გამოწვეული.
Galt & Taggart-ის პროგნოზით, განათლების სექტორი საშუალოვადიან პერიოდში 8-10%-იანი წლიური ტემპით გაიზრდება. საინვესტიციო ბანკი ამის მიზეზად გაზრდილ სახელმწიფო დაფინანსებასა და საგანმანათლებლო სერვისებზე მზარდ მოთხოვნას ასახელებს.