KPMG ხელოვნურ ინტელექტისა და ღრუბლოვანი სერვისების განვითარებაში $2 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს

KPMG ხელოვნურ ინტელექტისა და ღრუბლოვანი სერვისების განვითარებაში $2 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს

დიდი ოთხეულის აუდიტორული ფირმა KPMG $2-მილიარდიანი ინვესტიციის შედეგად მომდევნო 5 წელიწადში $12 მილიარდის შემოსავალს ელოდება. Microsoft-თან გაფართოებული პარტნიორობის ფარგლებში, აღნიშნულ ინვესტიციას KPMG ხელოვნურ ინტელექტსა და ღრუბლოვან სერვისებში ჩადებს.

11 ივლისს, ინვესტიციის დაანონსების შემდეგ, კომპანიის მიერ 5-წლიან პერიოდზე პროგნოზირებული $12-მილიარდის დამატებითი შემოსავალი KPMG-ის გლობალური შემოსავლების დაახლოებით 7%-იან წლიურ ზრდას გულისხმობს. ცნობისთვის, დიდი ოთხეულიდან ყველაზე მცირე შემოსავლების მქონე კომპანიის შემოსავლები 2022 წლის 30 სექტემბერს დასრულებული ფისკალური წლისთვის $34.64 მილიარდს შეადგენდა.

265,000 თანამშრომლისგან შემდგარი ფირმა ახალი ინვესტიციით თავისი საგადასახადო, აუდიტორული და საკონსულტაციო სერვისების კიდევ უფრო მეტად ავტომატიზებას ისახავს მიზნად.

KPMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბილ თომასმა, WSJ-სთან ინტერვიუში თქვა, რომ კომპანია არ აპირებს ტექნოლოგიების გამოყენებას სამუშაო ადგილების შესამცირებლად. მისი მტკიცებით, ხელოვნური ინტელექტი და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები სამუშაო ძალის მხარდაჭერასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, დიდი ოთხეულის სხვა ფირმებმა ბოლო წლებში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადეს ღრუბლოვან და სხვა ტექნოლოგიებში აუდიტის, საკონსულტაციო და საგადასახადო ბიზნესის გასაძლიერებლად.

მაგალითად, PricewaterhouseCoopers-მა აპრილში განაცხადა, რომ აპირებდა 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. Deliotte-მა გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ დახარჯა $1.4 მილიარდი თანამშრომლების ტრენინგზე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. Ernst & Young-მა კი შარშან განაცხადა, რომ 1 მილიარდი დოლარი დახარჯა აუდიტის ტექნოლოგიური შესაძლებლობების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე.