Twitter-ი კრეატორებისთვის შემოსავლების გაზიარების პროგრამას იწყებს

Twitter-ი კრეატორებისთვის შემოსავლების გაზიარების პროგრამას იწყებს

ილონ მასკის სოციალური პლატფორმა კრეატორებისთვის რეკლამირებიდან მიღებული შემოსავლის გაზიარების პროგრამას იწყებს. ერთ-ერთი მომხმარებლის ინფორმაციით, მან Twitter-ის საშუალებით უკვე $100,000-ზე მეტი გამოიმუშავა. მილიარდერის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, მარკ ცუკერბერგის Threads-სთან კონკურენციის გაძლიერებას ემსახურება.

Twitter-ის მფლობელის განცხადებით, შემოსავლის გაზიარების პროგრამის პირველი ნაწილი, რომელიც კრეატორებისთვის მათ პასუხებში გამოჩენილი რეკლამებისთვის ანაზღაურების გადახდას გულისხმობს, დაგროვებითი ხასიათის იქნება. შემოსავლის მისაღებად, მომხმარებელთა Stripe-ანგარიშები Twitter Blue-ზე უნდა იყოს დამატებული და ბოლო სამ თვეში, სულ მცირე, 5 მილიონი ყოველთვიური ტვიტის ჩვენება უნდა ჰქონდეს.

მასკმა რეკლამიდან მიღებული შემოსავლის გაზიარების პროგრამა პირველად თებერვალში დააანონსა. კრეატორებისთვის ანაზღაურების გადახდის პირველი ბლოკი $5 მილიონით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ Internet hall of fame-მა, პლატფორმის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა Meme-გვერდმა, $107,274 უკვე გამოიმუშავა.

Twitter-მა შერჩეულ მომხმარებლებთან ელექტრონული წერილები უკვე დაგზავნა, რომლის თანახმადაც კრეატორები პლატფორმაზე მათ მიერ გამომუშავებულ თანხას მომდევნო სამი დღის განმავლობაში მიიღებენ. უცნობია, თუ როგორ უნაწილებს Twitter-ი რეკლამებიდან შემოსულ გადასახადს კრეატორებს.

ცნობისთვის, გასულ თვეში ამერიკულმა საფინანსო კომპანია Fidelity-მ სოციალური მედიაპლატფორმა Twitter-ის ღირებულება მხოლოდ $15 მილიარდად შეაფასა. თავად მასკმა სოციალური ქსელი გასული წლის ოქტომბერში $44 მილიარდად შეისყიდა. აპრილის მონაცემებით, აშშ-ში, Twitter-ის სარეკლამო შემოსავლები გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 59%-ითაა შემცირებული და $88 მილიონს უტოლდება.