კოსოვომ Bayraktar-ის ტიპის თურქული დრონები შეიძინა

კოსოვომ Bayraktar-ის ტიპის თურქული დრონები შეიძინა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მიერ არაღიარებულმა კოსოვომ თურქული წარმოების Bayraktar-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა. აღნიშნულ ინფორმაციას არაღიარებული კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და თან თავდაცვის მინისტრთან ერთად Bayraktar-ის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ალბინ კურტის განცხადებით, აღნიშნულ შეიარაღებაში დახარჯული თანხა ქვეყნის უსაფრთხოებას ზრდის. თუმცა არაღიარებული კოსოვოს პრემიერ-მინისტრს ფინანსური დეტალების შესახებ ან უპილოტო საფრენი აპარატების დანიშნულების შესახებ ინფორმაცია არ გაუჟღერებია.

მოგეხსენებათ, Bayraktar-ის ტიპის თურქული უპილოტო საფრენი აპარატები განსაკუთრებით პოპულარული უკრაინელების მიერ ომში ეფექტიანად გამოყენების შემდეგ გახდა. თუმცა მანამდე თურქული დრონის ეფექტიანობა არაერთხელ დადასტურდა სირიასა და ყარაბაღის მეორე ომშიც.

ალბინ კურტის განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში კოსოვოში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 80%-ით, თავდაცვის ბიუჯეტი კი 100%-ით გაიზარდა. კოსოვოს მიზანი 5,000-კაციანი რეგულარული არმიისა და 3,000 რეზერვისტის ყოლა გახლავთ. კოსოვოში ამჟამად NATO-ს 4,500-კაციანი მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი იმყოფება.

გასული თვეების განმავლობაში კოსოვოს ტერიტორიაზე ეთნიკურ სერბებთან დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა მოხდა. ცნობისათვის, ტერიტორიის ჩრდილოეთით 50,000-მდე ეთნიკური სერბი ცხოვრობს.

კოსოვოს NATO-ში გაწევრების სურვილიც ამოძრავებს, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოთხი წევრი კოსოვოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ამ დრომდე არ ცნობს.