ახალი სიტყვით დეველოპმენტში

ახალი სიტყვით დეველოპმენტში
ქალაქის ურბანულ ბიოგრაფიაში ახალი თავის ჩასაწერად „ვისოლ ჯგუფმა“ უძრავი ქონების ბაზარზე დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი” დააარსა. კომერციული უძრავი ქონების მშენებლობა-მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდმა ახალდაფუძნებული კომპანიის მომავალი ახალგაზრდა ლიდერს, ᲕᲐᲡᲘᲚ ᲤᲮᲐᲙᲐᲫᲔᲡ ჩააბარა.

„დიახ, არ უარვყოფ, საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეს მოვკიდე ხელი, მაგრამ ჩემი ძლიერი გუნდის იმედი მაქვს“, – მეუბნება ვასილ ფხაკაძე, ახალი თაობის ბიზნესლიდერი და ანალიტიკოსი, როცა ვეკითხები, რას გრძნობს, მამისა და ბიძის, ლევან და სოსო ფხაკაძეების ბიზნესჯგუფში ახალი მიმართულების მართვა რომ აბარია. „მეორე მხრივ, მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება მაძლიერებს, ასევე – გამოცდილი გუნდი. რასაკვირველია, მეც ვსწავლობ ამ ადამიანებისგან“, – ამატებს იგი.

ვასილ ფხაკაძე მართავს „ვისოლ ჯგუფის“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფს“ , რომელმაც ამ ეტაპზე ორი მულტიფუნქციური კომპლექსის, „საკენისა“ და „მატიანის“ და ერთი მრავალფუნქციური უბნის, „ჰისნის“ პროექტი უნდა განახორციელოს.

ის 27 წლისაა. ჩვენი შეხვედრისას სადა თეთრი მაისური და ლურჯი შარვალი აცვია. იმ თაობის მენეჯერებს განასახიერებს, კონსუმერიზმზე მაღლა რომ დგანან. საუბარშიც ღია და თან ლაკონიურია – მხოლოდ აზრის სრულყოფილად გადმოსაცემად საჭირო ზუსტ სიტყვებს იყენებს. უფრთხილდება სხვების და თავის დროს. იცის, რა სურს და მიზნამდე მისასვლელი ყველა მოკლე და გრძელი გზა გაანალიზებული აქვს.

ალბათ შემთხვევითიც არაა, რომ ბიზნესისა და დეველოპმენტის წრეში ზრდას დაემატა სკოლა ამერიკაში, და ბოსტონში, Bentley-ის უნივერსიტეტში მიღებული ბიზნესგანათლებაც. Bentley-ის უნივერსიტეტი იმით არის ცნობილი, რომ ბიზნესის, ხელოვნებისა და მეცნიერების კომბინაციაზე დაფუძნებული განათლებით მომავლის დადებითი ცვლილებების შემქმნელ ბიზნესლიდერებს აყალიბებს, კრიტიკული აზროვნებითა და პრაქტიკული უნარებით.

ბოსტონში, ერთ-ერთ უძლიერეს ჰეჯ-ფონდში, Crossover Capital Partners-ში ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ ბიზნესანალიტიკოსმა იგრძნო, რომ საკმარისი ცოდნა და განათლება დაუგროვდა საქართველოში დასაბრუნებლად და „საქმის დასაწყებად“.

ვასილი საქართველოში სამი წლის წლის დაბრუნდა. „ორი წლის წინ დავძარი ის პროექტი, რომელსაც ვუდგავარ სათავეში“, – მეუბნება ბიზნესით ბავშვობიდან დაინტერესებული „ბიოგრაფის“ დირექტორი, რომელიც თავს არა აზარტულს, არამედ პრაქტიკულს უწოდებს. „წარმატების მიღწევის ჟინი, კონკურენცია, განვითარება, სხვადასხვა ინდუსტრიაში შესვლა, ახალი მიზნების დასახვა და მათი მიღწევა ყოველთვის მაინტერესებდა“. ამას მამისა და ბიძის ბიზნესის განვითარებაზე დაკვირვებაც ემატებოდა. „მათ ბევრი ბიზნესი ნულიდან შექმნეს, მცირე ნაბიჯებით დაიწყეს და მერე მიაღწიეს იმას, რომ ეს ბიზნესები გამსხვილდა და გაფართოვდა, ამას ჩემი თვალით რომ ვხედავდი, ვრწმუნდებოდი, რომ ეს შესაძლებელია, თან რამხელა ემოცია და რამხელა კმაყოფილება მოაქვს“, – ამბობს ვასილი და ამატებს, რომ მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე არ საუბრობს, „ეს ეხება ქვეყნის კეთილდღეობას. უამრავი დასაქმებული ადამიანი, შემოსავალი ბიუჯეტისთვის… ეს ემოცია მიზიდავდა ყოველთვის“.

იზიდავდა საქართველოც, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების არსებული დონითა და პოტენციური ბაზრით. „როცა მეკითხებიან, ამერიკიდან საქართველოში რატომ ჩამოხვედიო, ვფიქრობ, აქ გაცილებით დიდი პოტენციალია, ვიდრე იქ, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს. ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ ზოგადად განვითარებად ქვეყნებში განვითარების დიდი პოტენციალია. თუმცა მას თან სდევს რისკიც და სწორედ ეს მიზიდავდა – ამ მომენტში აქ ყოფნა, სადაც შესაძლებლობა და რისკი ერთმანეთთან შეჯიბრშია“.

მიუხედავად იმისა, რომ დეველოპმენტის გაჯერებულ ბაზარზე „ბიოგრაფი“ სულ რაღაც ორი თვის წინ გამოჩნდა, გუნდი ორი წლის განმავლობაში კომპლექტდებოდა. გაანალიზდა ბაზარი და „ვისოლ ჯგუფის“ ბიზნესის დივერსიფიკაციის მიმართულებით ნაბიჯის გადასადგმელად მყარი საფუძველი მომზადდა.

როგორც ვასილი ამბობს, იდეა გააჩინა ინდუსტრიის პერსპექტიულობამ. დეველოპმენტის ბაზარზე ჩანდა ნიში, რომელიც ხარისხზე ორიენტირებული მომხმარებლების დაინტერესებით, ყოველმხრივ გამართული შეთავაზებით, ბაზარზე შესასვლელად სიგნალებს იძლეოდა. კიდევ ერთი და შესაძლოა გადამწყვეტი მიზეზიც „ვისოლ ჯგუფის“ ხანგრძლივი ოპერირება იყო კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე და როგორც ვასილი ამბობს: „ამ ოპერირების ფონზე ჩვენი ჯგუფის ხელში თავი მოიყარა სტრატეგიულად საინტერესო, დეველოპმენტისთვის, საცხოვრებელი ფართებისთვის საინტერესო ლოკაციებმა“.

თბილისის ცენტრალურ უბნებში ურთულესი, შეიძლება ითქვას, უკვე გადაულახავი ამოცანაა კარგი ნაკვეთის პოვნა. „ბიოგრაფს“ კი ქალაქის მასშტაბით უნიკალური, ექსკლუზიური მიწის ნაკვეთები აქვს. ვასილის თქმით, „ეს არის წლების განმავლობაში შეძენილი ნაკვეთები“.

სამივე ნაკვეთი, სადაც „ბიოგრაფის“ პირველი მულტიფუნქციური კომპლექსები უნდა აშენდეს, ბიზნესჯგუფის ხელში წლების წინ მოხვდა. მაგალითად, ასეთია ვაჟა-ფშაველას 25 ნომერში მდებარე, ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ ტერიტორია, ბევრი დეველოპერისთვის საოცნებო ტოპ-ლოკაცია, რომელსაც „ვისოლ ჯგუფი“ 2011 წლიდან ფლობს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიზნესი პრაგმატულ გადაწყვეტილებებზეა დამყარებული. საუკეთესო და საჭირო მომენტის შეგრძნებაა ბიზნესფილოსოფიის საკვანძო აუცილებლობა. ამიტომ ჯგუფში ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით და წარმატებული ოპერირების მრავალშრიანი და მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელიც ამტკიცებს, რომ „ბაზარზე არც ძალიან ადრე უნდა შეხვიდე და არც ძალიან გვიან“ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ახლა დადგა კარგი მომენტი“,- დარწმუნებულია ვასილი.

„ბიოგრაფის“ ხედვა გრძელვადიანია. „ჩვენი თითოეული პროექტი მაღალხარისხიანი უნდა იყოს და მომხმარებელმა უნდა მიიღოს ის, რასაც ვპირდებით: ხარისხი, კომფორტი, მულტიფუნქციური, მოვლილი და ჯანსაღი გარემო“, – ამბობს ვასილი და მონდომებით იწყებს ახსნას, რა არის 300 მლნ დოლარის საინვესტიციო მოცულობის მქონე სამი დეველოპერული პროექტი – „საკენი“, „მატიანი“ და „ჰისნი“, რომლებმაც „ბიოგრაფის“ ხელით თბილისის ურბანული ქსოვილი უნდა განაახლოს.

„ბიოგრაფის“ პირველ მულტიფუნქციურ პროექტს, რომელიც, როგორც ზემოთაც ვახსენეთ, ვაჟა-ფშაველას 25 ნომერში ყოფილი სასტუმრო „აფხაზეთის“ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, „საკენი“ ჰქვია. აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთის მდინარე საკენის სახელის მქონე კომპლექსი ამ ადგილს ისტორიას უნარჩუნებს. „სართულების გეგმაც რომ ნახოთ, თითოეულ აპარტამენტს აფხაზეთთან დაკავშირებული სახელი ჰქვია: რიწა, ბზიფი, გაგრა, ანაკოფია და სხვა, ამით ჩვენ პატივი მივაგეთ ამ მხარეს და ამით ძალიან ვამაყობთ და ძალიან კარგ უკუკავშირსაც ვიღებთ მიდგომის გამო“,- ამბობს ვასილი.

„ბიოგრაფის“ დეველოპერული კონცეფციის ბრენდინგზე ბრიტანულმა კომპანიამ იმუშავა, რომელმაც ახალი საცხოვრებელი ეკოსისტემის საძირკველში ადგილმდებარეობის ისტორიის ელემენტებიც ჩადო.

„მსგავს მიდგომას გამოვიყენებთ აკაკი წერეთლის 45 ნომერშიც, პანთეონის წინ მდებარე ლოკაციაზეც, რომელსაც ჰქვია „მატიანი“. ისტორიული დატვირთვით წავედით ისანშიც, ქეთევან დედოფლის 69 ნომერთან მიმართებითაც, სადაც შენდება „ჰისნი“, – ჰყვება ვასილი. ჰისნი თბილისის ძველი უბნის, ისნის ისტორიული სახელწოდებაა და არაბულად „ციხესიმაგრეს“ ნიშნავს.

„საკენის“ მშენებლობა უკვე დაწყებულია და 2027 წელს უნდა დასრულდეს, „მატიანის“ მშენებლობას „ბიოგრაფი“ შემოდგომაზე დაიწყებს და ისიც 2027 წლის ბოლოსთვის დასრულდება, „ჰისნი“ კი მომავალი წლის გაზაფხულზე გაეშვება დაპროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, რამდენიმე ეპატად დასრულდება. „საკენის“ პროექტში ბინების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ყველა პროექტში ფართები მწვანე კარკასის ფორმატში ბარდება.

„საკენი“ და „მატიანი“ თაუერის პრინციპის მრავალსართულიანი კომპლექსებია. „საკენის“ სამშენებლო ფართობი 80 ათასი კვადრატული მეტრია, „მატიანისა“ – 60 ათასი კვადრატული მეტრი. „ჰისნის“ პროექტი, 4 ჰექტარი ფართობიდან გამომდინარე, რამდენიმე თაუერისა და უბნის პრინციპის განაშენიანებას ითვალისწინებს 2 ჰექტარი ფართობის შიდა რეკრეაციული სივრცით, ადგილზე უკვე არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეებით.

სამივე პროექტში აქცენტი მულტიფუნქციურობასა და ხედებზე კეთდება. მრავალსართულიანი კომპლექსებიდან ქალაქის შთამბეჭდავი ხედები გადაიშლება და რაც მთავარია, ეს არის დაცული ხედები, ვინაიდან პროექტები უკვე არსებულ განაშენიანებაში ხორციელდება და პრაქტიკულად წარმოუდგენელია იმ მასშტაბის ნაგებობის აღმოცენება, რომელიც ხედს შეცლის.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, მშენებლობის განხორციელების არეალს მოვერგოთ და ეს არ იყოს უხეში შეჭრა, ამასთან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქალაქის ურბანული განახლება გარდაუვალია“, – ამბობს ვასილი. მშენებლობის მასშტაბების ზრდისა და თანამედროვე ადამიანის ყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები ქალაქებს იერსახეს უცვლის. „ჩვენ გვინდა, ქალაქის დახვეწასა და ურბანულ განახლებაში შევიტანოთ წვლილი“, – ამბობს „ბიოგრაფის“ ახალგაზრდა მმართველი.

ბევრჯერ ვახსენეთ კომპლექსების მულტიფუნქციურობა – ეს ნიშნავს, რომ იქ განთავსდება პირველადი მოხმარების ობიექტები, რათა მობინადრეებს სახლიდან გაუსვლელად ჰქონდეთ წვდომა ყველა სერვისზე, იქნება ეს ფიტნესდარბაზი, აუზი, სასურსათო მაღაზია თუ ქო-ვორკინიგ სივრცეები. კომპლექსის კომერციულ ფართს ისეთი პრემიული ბრენდები დაიკავებენ, როგორიცაა დელიკატესების ჰიპერმარკეტი „გასტრონომი“, იტალიური რესტორანი „ბისტრო გასტრონომისგან”, ფიტნესცენტრი„ოკტოპუსი“და 25-მეტრიანი აუზი, ფრანგული რესტორანი „პოლი“, ამერიკული რესტორანი „დანკინი“, ჯანსაღი კვების ქსელი „სკა“ და სხვა.

„დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისკომფორტი ქალაქში გადაადგილება და დაკარგული დროის რესურსია, მოქალაქებისთვის შექმნილი კომფორტი კი მათთვის დაზოგილ დროს, ფინანსებს, ყოველდღიურობის გამარტივებას ნიშნავს“, – ამბობს ვასილი. მომხმარებლის კომფორტული საცხოვრებელი პირობების ნაწილია შენობის ენერგო- და თბოეფექტიანობა, ხმის იზოლაცია, რასაც, ვასილ ფხაკაძის თქმით, „სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი დეველოპერი არ აქცევს ყურადღებას“. ისევე როგორც რიგ შემთხვევებში ყურადღების მიღმა რჩება საპარკინგე სივრცეები. „განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პარკინგს. კომერციული ობიექტი ვერ იმუშავებს, თუ არ შეუქმენი კომფორტული საპარკინგე სივრცე, 500 საპარკინგე ადგილი გაქვს გათვალისწინებული „საკენის“ პროექტში, რაც ძალიან ბევრია“,- ამბობს ვასილი და გულისხმობს დახურულ სივრცეში განთავსებულ პარკინგს.

ვასილი დარწმუნებულია, რომ „საკენი“, „მატიანი“ და „ჰისნი“ ძალიან მალე თბილისის ურბანულ და არქიტექტურულ იერსახეში ღირსშესანიშნავი ნიშნულები იქნება, ამასთან, მისივე სიტყვებით, „ასეთი პროექტები, მიმდებარე არეალში ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ფასს უზრდის უძრავ ქონებასაც. ამდენად ვფიქრობ, დიდი სარგებლის მოტანა შეგვიძლია ქალაქისთვის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის“.

მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსებზე დაკვირვება ვასილმა ჯერ კიდევ ბოსტონში სწავლის დროს დაიწყო. კომპლექსი, სადაც თავად ცხოვრობდა, იყო არა მხოლოდ ადგილი, სადაც საკუთარი ბინის კარს მიღმა გარემო მთავრდებოდა, არამედ სოციალიზაციის, ცოცხალი, ახალი ურთიერთობებისა და საერთო გამოცდილების დაგროვების ადგილიც. შენობის მენეჯმენტი მობინადრეებისთვის აწყობდა კინოჩვენებებს, იყო სამეზობლო წვეულებები საერთო სივრცეში, რომლის სისუფთავეზეც მერე ყველა ერთად ზრუნავდა. „მინდა, რომ ცხოვრების ის დონე, რაც მსგავს კომპლექსებშია, დავნერგო საქართველოშიც. საერთო სივრცეები, რომელთაც მობინადრეები იზიარებდნენ, იყო მოვლილი, მოწესრიგებული, ძლიერი ურთიერთკავშირი და პატივისცემა იყო მეზობლებს შორის“, – ამბობს ვასილი.

მომხმარებელი, რომელიც საცხოვრებად „საკენს“ აირჩევს – კომპლექსს, რომელიც ერთ მთლიანობაში აქცევს კომერციულ და კერძო სივრცეებს, – ვასილის წარმოდგენით, არის თანამედროვე, ტექნოლოგიების, კომფორტის მოყვარული, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქალაქის ცენტრალურ უბანში ცხოვრება. თუმცა პროექტი სამიზნე კლიენტად რომელიმე ერთი სეგმენტის წარმომადგენელს არ განიხილავს.

დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი“ თავისი სამი პროექტით ქალაქური, ურბანული თანაცხოვრების საუკეთესო ტრადიციების თანამედროვე საცხოვრისში გადმოტანის რეალიზებას იწყებს. ეს იქნება პირველი დამოუკიდებელი დიდი გამოცდილება ვასილ ფხაკაძისთვისაც, რომლის წარმატებით განხორციელება მისცემს ამბიციასა და თავდაჯერებას იმისთვის, რომ შეეჭიდოს „ამ მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებს“.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia

Comments are closed.