ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები საგზაო მშენებლობაში

ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები საგზაო მშენებლობაში

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, Construction Machinery Georgia, რეგიონში საგზაო და სამშენებლო ტექნიკის საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენს.

CMG 2022 წელს დაარსდა, დაფუძნებიდან რამდენიმე თვეში იტალიური ბრენდის, MARINI-ს წარმომადგენელი გახდა და საქართველოში ბრენდის ასფალტის ორი ქარხანა გაყიდა. მყიდველს მის დამონტაჟებაში, თანამშრომლების გადამზადებასა და ექსპლუატაციაში ჩაშვებაში დაეხმარა. კომპანიის ერთ-ერთი უპირატესობა, უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მიწოდებასთან ერთად, გაყიდვის შემდგომი სერვისების უზრუნველყოფაა.

საქმიანობის სფეროსა და სპეციფიკაზე, განხორციელებულ პროექტებზე, საერთაშორისო პარტნიორებსა და სამომავლო გეგმებზე Forbes Infrastructure-ს CMG-ის დირექტორი, ნიკა აბესაძე ესაუბრა.

რა პროდუქტსა და სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს? რას საქმიანობს Construction Machinery Georgia?

CMG-ის ძირითადი საქმიანობა საგზაო-სამშენებლო სექტორთან ურთიერთობა და მათთვის ინფრასტრუქტურული და სამთომოპოვებითი პროექტებისთვის საჭირო ტექნიკის მოწოდებაა. რეგიონში პრემიუმ-ბრენდების ტექნიკის იმპორტიორები ვართ და სრულად ვფარავთ საგზაო-სამშენებლო და საკარიერო სამუშაოების მიმართულებას. ჩვენი სპეცტექნიკის ფართო სპექტრით კომპანიებს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტში სრულფასოვან პარტნიორობას ვუწევთ და ვეხმარებით მათ, ჰქონდეთ პრემიუმ-ბრენდების ტექნიკა, აღჭურვილობა და ჰყავდეთ კვალიფიციური ტექნიკური პერსონალი. ჩვენ რეგიონის ბაზარზე ისეთ ბრენდებს წარმოვადგენთ, როგორიცაა უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის, FAYAT GROUP-ის წევრი კომპანიები, BOMAG-ი და MARINI, ასევე, გერმანული LIEBHERR-ი. ყველა მათგანი საგზაო-სამშენებლო, ინდუსტრიული და სამთო-მოპოვებითი სამუშაოებისთვის აწარმოებს ტექნიკას.

LIEBHERR-ს, რომელიც სამშენებლო ტექნიკის ხარისხისა და ტექნიკური სრულყოფილების ეტალონია, ჩვენ უკვე მეორე წელია, წარვადგენთ. ჩვენს რეგიონში ბრენდის სამ მიმართულებას ვფარავთ, მათ შორის, სამშენებლო, საპორტო და სამთო-მოპოვებითი სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკას.

გერმანული კომპანია BOMAG-ი საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც ვიბროსატკეპნებს, ასფალტის დამგებებსა და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელ ტექნიკას აწარმოებს.

MARINI კი იტალიური ბრენდია, რომელიც ასფალტის, ცივი ასფალტის, ემულსიებისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით მუშაობს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპანიას 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული.

ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და რა ბაზრებზე მუშაობთ?

MARINI და BOMAG-ი საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სპეცტექნიკისა და დანადგარების მწარმოებელი ბრენდებია. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი მომხმარებლებიც ის კომპანიები არიან, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.

მუშაობის დაწყებიდან პირველივე წელს ასფალტის ორი ქარხნის გაყიდვა მოვახერხეთ. ეს ძალიან შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის, რადგან აღნიშნული ქარხნები შესაბამის რეგიონებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოემსახურება და უმაღლესი ხარისხის საბოლოო პროდუქტით მოამარაგებს.

როგორ უზრუნველყოფთ თქვენი მომხმარებლებისთვის უწყვეტ პროცესს ასფალტისა და ბეტონის ქარხნების აწყობისა და გამოყენების თვალსაზრისით?

ასფალტისა და ბეტონის ქარხნების დამონტაჟება და მათი ექსპლუატაციაში გაშვება ძალიან სკრუპულოზური და რთული პროცესია. ქარხნები დაშლილ მდგომარეობაში ჩამოდის. ჩვენი გუნდის ჩართულობით, ვაწყობთ, ვამონტაჟებთ და, რაც მთავარია, სწორი ექსპლუატაციისთვის ვატარებთ ტრენინგებს. საბოლოოდ, მომხმარებელს პროდუქტი ისეთ მდგომარეობაში გადაეცემა, რომ ჩაბარებისთანავე შეუძლია, ქარხანა სრული დატვირთვით აამუშაოს.

ჩვენი მიზანია, გავყიდოთ არა პროდუქტი, არამედ გადაწყვეტილება.

რა ფაქტორების გათვალისწინებით შეაჩერეთ არჩევანი ზემოაღნიშნულ ბრენდებზე?

CMG-ის დაარსების დღიდან ჩვენი სტრატეგია პრემიუმ-ხარისხის ბრენდებთან თანამშრომლობაა, რათა მომხმარებლებს ბაზარზე ყველაზე კარგი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია, გავყიდოთ არა პროდუქტი, არამედ გადაწყვეტილება. ჩვენს პორტფელში არსებული ბრენდები ყველა თანამედროვე სტანდარტსა და გამოწვევას პასუხობენ.

რა არის ის ძირითადი უპირატესობები, რის გამოც საერთაშორისო პარტნიორები თქვენს კომპანიასთან თანამშრომლობას ირჩევენ?

ამას ბევრი ფაქტორი წყვეტს. ერთ-ერთია „თეგეტა ჰოლდინგის“ 28-წლიანი გამოცდილება ავტოინდუსტრიის სექტორში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ უკვე ბაზრის ლიდერები ვართ და მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგად ვიცნობთ მის სპეციფიკას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოლდინგი არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ოპერირებს, არამედ ჩვენ უკვე რეგიონსაც გავცდით და შორს მიმავალი გეგმებიც დავსახეთ. შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამა თუ იმ ბრენდის პროდუქცია სხვადასხვა ბაზარს შევთავაზოთ. კიდევ ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც მათი მხრიდან CMG-ზე აქცენტი გაკეთდა, გაყიდვის შემდგომი მომსახურების ის გამართული ქსელი იყო, რაც ჩვენ გვაქვს – ეს ამ კონკრეტულ მიმართულებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბროთ გაყიდვების შემდგომი სერვისის შესახებ. გარდა ამისა, როგორ უზრუნველყოფთ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას ამ პროექტების განხორციელებისას?

ქარხნის აწყობა საკმაოდ კომპლექსური და რთული პროცესია და აქვს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების წესები და რეგლამენტი. აქედან გამომდინარე, დაახლოებით ორი კვირა მხოლოდ ქარხნის სტრუქტურული ფორმის მიცემას – ვერტიკალურად აწყობას დავუთმეთ. პროცესში ჩართული იყო რამდენიმე მობილური ამწე, ასევე, ჩვენთან ერთად იყვნენ ქარხნის სუპერვაიზერები – მათი მენტორობითა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდა ეს ნამდვილად რთული და შრომატევადი პროექტი.

ხაზგასმით მინდა ვთქვა ისიც, რომ ის ტექნიკური ბაზა და ინტელექტუალური რესურსი, რომელიც „თეგეტას“ აქვს, გვაძლევს ასეთი სირთულის პროექტებთან შეჭიდებისა და წარმატებით განხორციელების საშუალებას.

გაყიდვის შემდგომ სერვისში, გარდა აწყობა-მომზადებისა, შედის თუ არა ის ტექნიკური დახმარება, რომელიც ქარხანას შეიძლება დროთა განმავლობაში დასჭირდეს?

ჩვენ ვალდებულება გვაქვს, მკაცრი რეგლამენტის დაცვით გავწიოთ საგარანტიო მომსახურება. ამით უზრუნველყოფილია ქარხნის გამართულად და სრულყოფილად მუშაობა. როგორც საგარანტიო პერიოდში, ისე მის შემდეგ ცვეთადი ნაწილების შეცვლა და სწორი სერვისების მიწოდება ქარხანას სასიცოცხლო ციკლს უხანგრძლივებს, ამიტომ ეს ყველას ინტერესშია.

ამ პროცესის სწორად სამართავად ჩვენი პერსონალი MARINI-ს მექანიკოსებმა გადაამზადეს. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა და სწორედ მან ჩაატარა ტრენინგები. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქარხნების გაყიდვის შემდგომი მომსახურების კუთხით, ყველანაირი სირთულის პრობლემის გადაჭრის რესურსი გვაქვს.

სად არის განლაგებული ასფალტის თქვენ მიერ რეალიზებული ქარხნები?

ერთი ქარხანა ქუთაისშია, ის შპს „დაგი +“-მა შეისყიდა და ქუთაისსა და მის ირგვლივ ტერიტორიაზე დაგეგმილ საგზაო-სამშენებლო პროექტებს მოემსახურება. მეორე ქარხანა კი მარნეულში ავაწყვეთ და მას სწორედ ამ რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გამოიყენებენ.

Construction Machinery Georgia, ასფალტის ქარხნის გარდა, ბეტონის ქარხნებსაც ყიდის. როგორია მოთხოვნა ამ მიმართულებით?

დიახ, გერმანული ბრენდის, LIEBHERR-ის ბეტონის ქარხნების რეალიზაციასაც CMG ახდენს. მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთში უკვე გავყიდეთ ხუთი ქარხანა, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი მაჩვენებელია.

ბეტონის ქარხნები, რომლებსაც ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ, სიზუსტითა და უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ვგეგმავთ, რომ ბეტონის მიმართულებით გავაფართოოთ ჩვენი ბიზნესი, რათა საგზაო და არასაგზაო მწარმოებლები სრულად მოვიცვათ.

როგორ პასუხობს თქვენ მიერ იმპორტირებული ქარხნები გარემოს დაცვის სტანდარტებს?

ეს ქარხნები მსოფლიოს პრემიუმ-კომპანიების მიერ არის წარმოებული, შესაბამისად, პასუხობს ემისიისა და გარემოზე ზემოქმედების ყველა თანამედროვე სტანდარტს. ყოველი მათგანი აღჭურვილია ფილტრაციის დამატებითი სისტემებით, რითაც საგრძნობლად მცირდება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.

აღსანიშნავია ისიც, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ გარემოს დაცვაა. შესაბამისად, მწარმოებელი კომპანიებისა და ჩვენი ხედვა ერთმანეთს ამაშიც ემთხვევა.

რა არის თქვენი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით?

საქართველოს ბაზარზე საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გვყავს. ჩვენი უპირატესობა მრავალწლიანი გამოცდილება და კავშირებია, რაც ბაზრის მოთხოვნების განსაზღვრაში გვეხმარება.

საგზაო ინფრასტრუქტურაში და, ზოგადად, მშენებლობის სფეროში, ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროს. ჩვენი უპირატესობებიდან გამომდინარე, მომხმარებლებს აქვთ გარანტია, რომ ქარხნის აწყობა-მომზადებისა და ჩაბარების პროცესი შეუფერხებელი და ხარისხიანი იქნება.

როგორია Construction Machinery Georgia-ს სამომავლო გეგმები?

ჩვენი უახლოესი გეგმაა, ავითვისოთ კავკასიის რეგიონის ბაზრები MARINI-ისა და LIEBHERR-ის ბრენდით – ვგულისხმობ ინდუსტრიულ დანადგარებსა და სამშენებლო ტექნიკას. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი გეგმაა რეგიონული ექსპანსია, გაზრდა და გასვლა აღმოსავლეთის ისეთ ბაზრებზე, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში გადადის და სადაც დიდი გამოცდილების მქონე, სანდო პარტნიორები სჭირდებათ.

 

ფოტო: ჯაბა ჩიტიძე / Forbes Georgia

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *