დეველოპერთა სარჩელის გამო Apple-ი შესაძლოა $1 მილიარდით დაჯარიმდეს

დეველოპერთა სარჩელის გამო Apple-ი შესაძლოა $1 მილიარდით დაჯარიმდეს

გაერთიანებულ სამეფოში 1,500-ზე მეტი დეველოპერი Apple-ს კომპანიის აპლიკაციების მიმწოდებელი სერვისის, App Store-ის საკომისიო გადასახადის ღირებულებას ედავება. შედეგად, ტექნოლოგიური გიგანტი შესაძლოა 785 მილიონი გირვანქა სტერლინგით (დაახლოებით $1 მილიარდი) დაჯარიმდეს.

Apple-ის სერვისების ბიზნესის შემოსავალი, რომელიც App Store-საც აერთიანებს, ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპით იზრდება და კვარტალში უკვე $20 მილიარდსაც კი უტოლდება. მიუხედავად ამისა, 15%-დან 30%-მდე საკომისიო, რომელიც აპის შიდა გადახდის სისტემის გამოყენებისთვის აპლიკაციების შემქმნელთა ნაწილს ეკისრება, დიდი ხანია, დეველოპერთა კრიტიკის საგანია და სხვადასხვა ქვეყანაში ანტიმონოპოლიური მარეგულირებლების სამიზნეც გახდა.

თავად Apple-ის განცხადებით, App Store-ის დეველოპერთა 85% არანაირ საკომისიოს არ იხდის, ამასთან ერთად კი კომპანია ეხმარება ევროპელ დეველოპერებს, მათი აპლიკაციების ბიზნესის საშუალებით, წვდომა ჰქონდეთ ბაზარზე და მომხმარებელზე მსოფლიოს 175 ქვეყანაში.

გაერთიანებული სამეფოს კონკურენციის სააპელაციო სასამართლოში, App Store-ის 1,566 დეველოპერის სახელით სარჩელი OECD-ის ყოფილმა ეკონომისტმა, შონ ენისმა წარადგინა. ენისს კონსულტაციას იურიდიული ფირმა Geradin Partners-ი უწევს. ენისის განცხადებით, აპლიკაციების შემქმნელთათვის დაწესებული გადასახადები ზედმეტად მაღალია და ზიანს აყენებს, როგორც აპის დეველოპერებს, ასევე შემსყიდველებს.