როგორია ქართული ბიზნესის განწყობა 2023 წლის III კვარტალისთვის - ISET Policy Institute

როგორია ქართული ბიზნესის განწყობა 2023 წლის III კვარტალისთვის - ISET Policy Institute

ISET Policy Institute-მა 2023 წლის III კვარტალისთვის ქართული ბიზნესის განწყობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 10.7 პუნქტით შემცირდა და 15.7-ს გაუტოლდა.

ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 26.4 პუნქტი, საფინანსო სექტორში დაფიქსირდა. როგორც ISET Policy Institute-ი აცხადებს, ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და მომავლისადმი მოლოდინებმა განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2023 წლის II კვარტალთან შედარებით 9.1 პუნქტით შემცირდა და 2023 წლის III კვარტლისთვის 12.7-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი ყველაზე მაღალია მრეწველობის სექტორში და 25.0-ს უტოლდება.

რაც შეეხება ბიზნესის მოლოდინის ინდექსს, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნესსექტორი მომავლის მიმართ, ISET Policy Institute-ის ცნობით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა და 28.5 პუნქტს გაუტოლდა. 2023 წლის III კვარტლისთვის მოლოდინების ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა, მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა და 50.0-ს შეადგენს.

შემცირდა გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსიც და 17.3 პუნქტი შეადგინა. ცნობისთვის, ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას, შემცირდა.