სვანეთში $38.8-მილიონიანი ბიუჯეტით ახალი ქვესადგური აშენდება

სვანეთში $38.8-მილიონიანი ბიუჯეტით ახალი ქვესადგური აშენდება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბემონი-იეოსთან“ თანამშრომლობით, სვანეთში, კერძოდ კი მესტიის მუნიციპალიტეტში ახალ ქვესადგურს ააშენებს. მისივე ცნობით, პროექტ „იდლიანი 500“-ის ღირებულება დაახლოებით 38.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „ბემონი-იეოს“ წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.

„პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს ენერგოსისტემას შეემატება უნიკალური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური, რომელიც უზრუნველყოფს სვანეთში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრეების ქსელში ინტეგრაციას, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას“, – ვკითხულობთ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გეგმის მიხედვით, მესტიაში ქვესადგურის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს „ბემონი-იეო“ ორი წლის ვადაში დაასრულებს.