სასამართლომ TKT.GE-ის კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციაზე ექსკლუზივი შეუჩერა

სასამართლომ TKT.GE-ის კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციაზე ექსკლუზივი შეუჩერა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის დასრულებამდე, TKT.GE-ის კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციაზე მოქმედი ექსკლუზივი შეუჩერდა.

შეგახსენებთ, ექსკლუზივზე ხელშეკრულება, შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა” და შპს „ონლაინ თიქეთსს” (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი”) შორის, 2022 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა.

კომპანიებს შორის დადებული გარიგების პირობებით, შპს „თინეთს“, ონლაინ რეალიზაციის მიზნით, ორი წლის ვადით, ქვეყანაში მოქმედი ექვსი ძირითადი კინოთეატრის ბილეთები გადაეცემოდა. ამავდროულად კი, „სადისტრიბუციო კომპანია“ იღებდა ვალდებულებას, არ გადაეცა აღნიშნული კინოთეატრის ბილეთები სხვა კომპანიებისათვის, რაც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, ბაზრიდან მისი კონკურენტების განდევნას იწვევდა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას შპს „ელ.ბილეთების“ საჩივრის საფუძველზე აწარმოებს – შპს „სადისტრიბუციო კომპანიის” მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო დარღვევის ფაქტსა და შპს „სადისტრიბუციო კომპანიის”, შპს „თინეთის”, სს „თიბისი ბანკის” და TBC Bank Group PLC-ს შესაძლო კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტზე.