რუსეთმა მთვარეზე ლენდერი გაგზავნა

რუსეთმა მთვარეზე ლენდერი გაგზავნა

ბოლო 47 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთმა მთვარეზე ლენდერი გაგზავნა. რაკეტა Soyuz 2.1-ის დახმარებით Luna-25-ის სახელწოდებით ცნობილი ხომალდი ვოსტოჩნის კოსმოდრომიდან, დღეს, 11 აგვისტოს გაუშვეს.

ამ ნაბიჯით რუსეთი ინდოეთთან კოსმოსურ რბოლაში პოზიციების გამყარებს ცდილობს. შეგახსენებთ, სამხრეთ აზიაში მდებარე სახელმწიფომ მთვარეზე ლენდერისა და როვერის წყვილი Chandrayaan-3-ის მისიის ფარგლებში გასულ თვეში გაგზავნა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ინდოეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელმაც მთვარეზე აპარატის დასმა წარმატებით მოახერხა. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ყოფილმა საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლო.

რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის, იური ბორისოვის განცხადებით, ლენდერი მთვარეზე სავარაუდოდ 21 აგვისტოს დაეშვება. აღსანიშნავია, რომ „როსკოსმოსმა“ მანამდე დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე აპარატის დაშვების თარიღად 23 აგვისტო დაასახელა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სწორედ 23 აგვისტოს გეგმავს ინდოეთი მთვარეზე ლენდერისა და როვერის წყვილის დასმას.

„21-ს დაველოდებით. იმედი მაქვს, რომ ძალიან ზუსტი და რბილი დაშვება იქნება“, – განუცხადა ბორისოვმა ვოსტოჩნის კოსმოდრომის თანამშრომლებს ხომალდის გაშვების შემდეგ. „იმედი გვაქვს, პირველები ვიქნებით“, – დასძინა მან.

როგორ ჩანს, რუსეთს სურს, ინდოეთს მთვარეზე აპარატის დასმა დაასწროს.

ცნობისთვის, Luna-25 დაახლოებით მსუბუქი ავტომობილის ზომის აპარატია. მისი მისია მთვარის სამხრეთ პოლუსის ზედაპირზე ერთი წლის გატარება და ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ არელიას გამოკვლევაა. შეგახსენებთ, NASA-სა და სხვა კოსმოსური სააგენტოების მეცნიერებმა ბოლო წლებში დასახელებულ რეგიონში წყლის ყინულის კვალი აღმოაჩინეს.