მაუის აღსადგენად ბეზოსი და მისი პარტნიორი $100 მილიონს გამოყოფენ

მაუის აღსადგენად ბეზოსი და მისი პარტნიორი $100 მილიონს გამოყოფენ

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მისი პარტნიორი, ლორენ სანჩესი, რომელიც ამავდროულად მილიარდერის საქველმოქმედო ორგანიზაცია Bezos Earth Fund-ის ვიცე-თავმჯდომარეა, ხანძრისგან დაზარალებული კუნძულ მაუის აღსადგენად $100 მილიონს გამოყოფენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, სანჩესმა მწუხარება გამოთქვა ჰავაის კუნძულზე დატრიალებული მოვლენების გამო და მაუის აღდგენის მხარდასაჭერად, როგორც ახლა, ასევე მომდევნო წლებში, $100-მილიონიანი ფონდის შექმნა დააანონსა. ცნობისთვის, ბეზოსი Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში, $161 მილიარდით, მესამე პოზიციას იკავებს.

“აუცილებელია დაუყოვნებლივი მოქმედებები და გრძელვადიანი სამუშაოები კუნძულის აღსადგენად, მას შემდეგაც, კი, რაც ხანძრის მიმართ ყურადღება შემცირდება”, – განაცხადა Black Ops Aviation-ის დამფუძნებელმა ლორენ სანჩესმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კუნძულზე მიმდინარე მოვლენებს დიდი კატასტროფა უწოდა და მაუის დასახმარებლად ფედერალური სახსრების გამოყოფაც დააანონსა. ცნობისთვის, Accuweather-მა ხანძრის ეკონომიკური გავლენა $8-$10 მილიარდით შეაფასა.

ბოლო მონაცემებით, მაუის ისტორიულ ქალაქ ლაჰაინაში გავრცელებულ ხანძარს, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ბოლო საუკუნის ყველაზე მომაკვდინებელი ხანძარია, 96 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური პირების ცნობით, დაკარგულთა ძიება გრძელდება, რის გამოც გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ლაჰაინაში ამ დროისთვის ხანძრის 85% ლოკალიზებულია.

შეგახსენებთ, ძლიერი სიცხის შედეგად ხანძარი სამშაბათს, 8 აგვისტოს გაჩნდა და ქარიშხლის საშუალებით, რომლის სიჩქარეც 130კმ/სთ-ს აღწევდა, კუნძულის ტერიტორიაზე სწრაფადვე გავრცელდა.