Tesla-მ Model S-ისა და X-ის ბიუჯეტური ვერსიები წარადგინა

Tesla-მ Model S-ისა და X-ის ბიუჯეტური ვერსიები წარადგინა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ აშშ-ის ბაზრისთვის თავისი მოდელების, S-ისა და X-ის ბიუჯეტური ვერსიები წარადგინა, რომელთაც ერთი სრული დამუხტვით უფრო ნაკლები მანძილის გავლა შეეძლებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ფასების შემცირებისა და გაყიდვების ზრდის მისაღწევად კომპანიის სტრატეგიის გაგრძელებას წარმოადგენს.

ავტომწარმოებლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ახალი, ბიუჯეტური Model S-ისა და X-ის ღირებულება, შესაბამისად, $78,490 და $88,490 იქნება, რაც 10%-ით ნაკლებია ძველ ფასზე. აღნიშნული ელექტრომობილების შეძენის შემთხვევაში მათი მიწოდება 2023 წლის სექტემბერში მოხდება.

საინტერესოა, რომ ამ ფასად მხოლოდ თეთრი ექსტერიერისა და შავი ინტერიერის მქონე მოდელები იქნება ხელმისაწვდომი. ყველა სხვა ფერის არჩევის შემთხვევაში ღირებულება გაიზრდება.

ახალ Model S-ს ერთი სრული დამუხტვით 515 კილომეტრის გავლა შეეძლება, რაც დაახლოებით 130 კილომეტრით ნაკლებია წინარე ვერსიაზე. რაც შეეხება Model X-ს, ის 430 კილომეტრის მანძილის დაფარვას შეძლებს.