ღორის თირკმელი, რომელიც ადამიანს ერთი თვის წინ გადაუნერგეს, გამართულად ფუნქციონირებს

ღორის თირკმელი, რომელიც ადამიანს ერთი თვის წინ გადაუნერგეს, გამართულად ფუნქციონირებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ქირურგებმა, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, მკვდარი ტვინის მქონე ადამიანის ორგანიზმში გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადანერგეს. სპეციალისტების განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ორგანო შეუფერხებლად ფუნქციონირებდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის „ყველაზე გრძელი პერიოდი“, როდესაც ღორის თირკმელმა ადამიანის სხეულში ფუნქციები გამართულად შეასრულა.

უახლესი ექსპერიმენტის შედეგების შესახებ საზოგადოებას ოთხშაბათს, NYU Langone Health-ის მიერ ეცნობა. მკვლევრები გადანერგილი თირკმლის მუშაობაზე დაკვირვების გაგრძელებას კიდევ ერთი თვის განმავლობაში გეგმავენ.

„ეს კვლევა აჩვენებს, რომ ღორის თირკმელს – მხოლოდ ერთი გენეტიკური მოდიფიკაციითა და ექსპერიმენტული მედიკამენტების ან მოწყობილობების გარეშე – შეუძლია ჩაანაცვლოს ადამიანის თირკმლის ფუნქცია მინიმუმ 32 დღის განმავლობაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, – აცხადებენ ექსპერიმენტის ავტორები.

ცნობისთვის, ქირურგებმა ექსპერიმენტი მორის მილერის სხეულზე ჩაატარეს, რომელიც 57 წლის ასაკში, მოულოდნელად დაიღუპა. მისმა ოჯახმა მეცნიერებს მილერის სხეულის სამედიცინო კვლევისთვის გამოყენების ნება დართო.

ქსენოტრანსპლანტაციის პროცედურაში მეცნიერებმა კომპანია Revivicor-ის მიერ გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გამოიყენეს. გადანერგვის პროცედურის ჩატარების ნებართვა კი მათ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან (FDA) მიიღეს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ღორის თირკმლის გადანერგვის პროცედურას უახლოეს მომავალში ცოცხალი ადამიანის ორგანიზმშიც ჩაატარებენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ეს სამედიცინო სფეროში მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება, ვინაიდან ამ გზით დონორი ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრაა შესაძლებელი.